პუბლიკაციები
მუსა კუსა იმუნიტეტს ვერ მიიღებს! – საქინფორმის კორესპონდენტი ევროკავშირის ქვეყნებში ჯულიანა დიუმა გვატყობინებს:

MussaKussa

„როგორც საქინფორმის მკითხველმა უკვე იცის, ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი მუსა კუსა გადადგა. მან თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში მოითხოვა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგის განცხადებით, მუსა კუსა ვერ მიიღებს საერთაშორისო და ბრიტანეთის სამართლისგან იმუნიტეტს მისი ქცევის სანაცვლოდ.

ჰეიგმა ასევე, დასძინა, რომ გასული კვირების განმავლობაში ის ხშირად ეკონტაქტებოდა კონტროვერციულ პოლიტიკოსს. „იგი გახლდათ ჩემი კავშირი რეჟიმთან ამ ბოლო პერიოდში და მე მას რამდენჯერმე ვესაუბრე ტელეფონით“, – აღნიშნა ჰეიგმა პრესკონფერენციაზე.

მისი განცხადებით, მუსა კუსას გადადგომა ცხადყოფს, რომ „კადაფის რეჟიმმა ზეწოლის შედეგად შიგნიდან რღვევა დაიწყო და რომ კადაფიმ უნდა ჰკითხოს თავის თავს, თუ ვინ იქნება შემდეგი“.

კუსას გადაწყვეტილება – თავი შეაფაროს ბრიტანეთს, სიხარულის მომტანი იქნება იმ ოჯახებისთვის, რომელნიც იმედოვნებენ, რომ მუსა კუსა ინგლისისათვის ყველაზე მტკივნეული – ლოკერბის ტრაგედიის დეტალების უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მფლობელია, ტრაგედიისა, რომლის შედეგადაც 1988 წელს „ბოინგ 747“-მა ლონდონი - ნიუ იორკის რეისის შესრულებისას კატასტროფა განიცადა შოტლანდიის ქალაქ ლოკერბიში.

„კუსა კადაფის ხელისუფლების გულში იყო, მას შეუძლია, ბევრი რამ გვითხრას ლოკერბის შესახებ“, – ამბობს ჯიმ სვაიერი, რომლის ქალიშვილიც ამ ტრაგედიას ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, კატასტროფას მაშინ 258 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შოტლანდიის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კატასტროფა ლიბიელი ტერორისტების მოწყობილი იყო. ტერორისტული აქტისთვის გასამართლებულ იქნა ორი ლიბიელი, რომელნიც ლიბიის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებად იყვნენ მიჩნეული. აბდელბასეტ ალი მუჰამედ ალ მაგრაჰის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 84-დღიანი სასამართლო პროცესის შედეგად, რომელიც ჰოლანდიაში, კემპ ზეისტში ჩატარდა.

უკანასკნელი ცნობებით, შოტლანდიის პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, დაიკითხოს მუსა კუსა ლოკერბის ტრაგედიასთან დაკავშირებით. „ლოკერბის საქმე დახურული არ არის და ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა მიმართულებით გავაგრძელოთ გამოძიება“, – განაცხადა შოტლანდიის პროკურატურის წარმომადგენელმა.

ინგლისის პრემიერ დეივიდ კამერონის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, დღეისათვის მუსა კუსა გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ადასტურებს, რომ მუსა კუსა 30 მარტს ბრიტანეთში, ფარნბარას აეროპორტში, თავისი ნებით ჩამოფრინდა ტუნისიდან ვაჟიშვილთან ერთად.

ლიბიის მთავრობა ბოლო წუთამდე უარყოფდა მუსა კუსას ჩაბარების ფაქტს და აცხადებდა, რომ იგი დიპლომატიური მისიის შესასრულებლად მიავლინეს.

შეგახსენებთ: მუსა კუსა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა კადაფის მთავრობაში, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო არენაზე წარმოადგენდა“.

 

ლონდონი

01.04.2011