აქტუალური
KTW ჯგუფი მზადაა, სასტუმრო-კომპლექსი სახელმწიფოს დაუთმოს - პაატა ჯიბლაძე

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. "მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე მადლობას უხდის KTW ჯგუფის ხელმძღვანელს, ზურაბ ჩხაიძეს, რომელიც მზადაა, სასტუმრო ახაშენი ღვინის კურორტი & სპა სახელმწიფოს საკარანტინო ზონად დაუთმოს:

"მინდა, მადლობა ვუთხრა და მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანიის დამფუძნებელმა და გენდირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ქვეყნისათვის ამ ურთულეს პერიოდში ასეთი ადამიანური, სოლიდარული გადაწყვეტილება მიიღო! იმედი მაქვს, რომ საქართველოში მოქმედი სხვა წარმატებული კომპანიებიც ასევე გამოიჩენენ გულისხმიერებას და მათ ხელთ არსებული რესურსებით თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყანაში განვითარებული უმძიმესი კრიზისის დასამარცხებლად!“.

კომპანია აცხადებს, რომ იზიარებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფოს კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით.

ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა პრობლემატური იყოს ქვეყანაში საკარანტინო ზონების მობილიზება. ეს პრობლემა მწვავედ დგას კონკრეტულად კახეთის რეგიონშიც. შესაბამისად, KTW ჯგუფი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სასტუმრო-კომპლექსი “Akhasheni Wine Resort& spa”, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს, დროებით სრულად დაუთმოს სახელმწიფოს, საკარანტინო ზონად გამოსაყენებლად”, – განმარტავენ კომპანიაში.

სასტუმრო „Akhasheni Wine Resort&Spa”, მოიცავს 41 სასტუმრო ნომერს, მათ შორის ადაპტირებულ ნომრებს შშმ პირებისთვის. შესაბამისად, ამ ლოკაციაზე კომფორტული საკარანტინო ზონის მოწყობაა შესაძლებელი.

KTW ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო და მსოფლიო მოკლე დროში შეძლებენ ამ გლობალურ პრობლემასთან გამკლავებას და მალე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.