საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთში ჩავიდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე, საგანგებო სიტუაციების პროგრამის კოორდინატორი რადუ კოჯოკარუ, ექსპერტი აბდუბუა მარუფოვი, ასევე საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუიზა ვინტონმა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა სახის მხარდაჭერას გაუწევენ კორონავირუსთან საბრძოლველად.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაციამ აფხაზეთს კორონავირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ნივთები გადასცა.