პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა სსფ-ს კორონავირუსთან საბრძოლველად მილიარდს სთხოვს

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, სოციალურ ქსელ Facebook–ის საშუალებით, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გააცნო.

კომიტეტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, სელიმ ჩაქერმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაწყებულია განხილვები ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებით.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, გასულ წელს სსფ-თან გაფართოებული მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება წინდახედული ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, სსფ-სგან დახმარების მიღება ხელს შეუწყობს საქართველოსთვის სხვა დონორი ორგანიზაციებიდან მეტი რესურსის მოზიდვას.

მოგეხსენებათ, გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების 3 – წლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში დასრულება.

სსფ-თან მოქმედი პროგრამის არსებობა საგარეო თუ შიდა შოკებთან გასამკლავებლად კარგ საშუალებას იძლევა. დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ უპირატესობას იყენებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია სავალუტო ფონდთან და უკვე დავიწყეთ განხილვები მოქმედი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარება სხვა დონორი ორგანიზაციებისგან დახმარების მიღების კარგ წინაპირობას ქმნის. მნიშვნელოვანი მოცულობის ფინანსური დახმარება ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებისა და საგარეო შოკის ეკონომიკაზე ზეგავლენის მინიმიზაციის საშუალებას მისცემს. ასევე, ეს ყველაფერი, მატერიალური ფინანსური რესურსების მობილიზაციის ჩათვლით, ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზე დადებითად აისახება”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძის თქმით, დონორებთან განხილვები დაწყებულია და დახმარების ზომა და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის, გაყიდოს უცხოური ვალუტის რეზერვები, სავალუტო ბაზრის მხარდასაჭერად.

მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი გლობალური შენელების წინაშე დგას, რაც აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც.

ყველაზე დიდ დარტყმას მსოფლიო მასშტაბით, ტურისტული და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ. ამ კუთხით, საქართველო შედარებით მოწყვლადია, რადგან ეს დარგები ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენთვის საკმაოდ ნეგატიური ფაქტორია ნავთობის გლობალური ფასების კოლაფსი. ამან დამატებითი გამოწვევების წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში გაიმართა ინტენსიური კომუნიკაცია პარტნიორებთან, საერთაშორისო და ორმხრივ დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთადაც შემუშავდება ეკონომიკის მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებები.

ქართულ მხარეს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ძლიერი გამოცდილება გააჩნია, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა უცხოური რეზერვებისა და ფისკალური რეზერვების შექმნა. მათი გამოყენება შეიძლება პოლიტიკური რეაგირების ნაწილი გახდეს საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის ეკონომიკურ ეფექტსა და გავლენასთან გასამკლავებლად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან უაღრესად პროდუქტიულ თანამშრომლობას, ღია და კონსტრუქციულ დიალოგს. ჩვენ ერთად ვმუშაობთ შოკის ეფექტისა და გავლენის შესაფასებლად, დროული და გადამწყვეტი ნაბიჯების შესამუშავებლად, რათა პანდემიის ეკონომიკური ეფექტი განეიტრალდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ამ გამოწვევებით სავსე და რთულ ვითარებაში”, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, სელიმ ჩაქერმა.