საზოგადოება
რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან - ზალკალიანი

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, სამინისტროს ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქეების დაავადების ფაქტების შესახებ ინფორმაცია უცხოეთის რამდენიმე ქვეყნიდან აქვს.

გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. ყველა ეს შემთხვევა არის მკაცრად აღრიცხული, ვართ კომუნიკაციაში ასევე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ეს ადამიანები თვითიზოლირებულნი არიან სახლის პირობებში და იგეგმება მათი დაკავშირება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რათა ინფიცირებულებმა დისტანციურად, ონლაინ-რეჟიმში, თბილისიდან მიიღონ მკურნალობის შესაბამისი რეკომენდაციები.

ესპანეთში ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. მინისტრმა დაადასტურა, რომ 74 წლის ქალს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, უცხოეთის ქვეყნებში ახალი კორონავირუსით დაავადებული საქართველოს 20-მდე მოქალაქეა განთავსებული საავადმყოფოებში.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 40 ადამიანია დაინფიცირებული.