საზოგადოება
საქართველო რუსეთისგან ხორბალს სტაბილურად ყიდულობს

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. მიუხედავად ნავთობის ფასის ვარდნისა და კორონავირუსის გამო დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვისა, რუსეთი განაგრძობს თავისი პროდუქციის, მათ შორის, მარცვლეულის ექსპორტს საქართველოში, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულია 34 ადამიანი.

კორონავირუსით გამოწვეული აჟიოტაჟის ფონზე ზოგიერთ მოქალაქეს უჩნდება შიში, რომ ქვეყანაში პროდუქტების დეფიციტი შეიძლება შეიქმნას, პური გაძვირდეს ან საერთოდ გაქრეს.

რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს. ამიტომ რუსეთიდან ტვირთი საქართველოში დაუბრკოლებლად შემოვა. რუსეთს ბევრი ხორბალი აქვს, 1 ივნისს კი დაიწყება ახალი სეზონი და იქნება ახალი მოსავალი, ასე რომ, მათთვის მარცვლეულის გაყიდვა მომგებიანია. რუსული ხორბლის ფასი საქართველოსთვის არ შეცვლილა. ერთი ტონა 220-230 დოლარი ღირს“, – აღნიშნა სილაგავამ.

წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენს ქვეყანა ყიდულობს რუსეთისგან, ყაზახეთისგან და უკრაინისგან. რუსეთზე მოდის აღნიშნული პროდუქციის იმპორტის 90%.

სილაგავას მტკიცებით, საქართველოს ამჟამად ხორბლის საკმარისი მარაგი აქვს. ამიტომ ნომერი პირველი პროდუქტის გარეშე დარჩენა ქვეყნის მოსახლეობას არ ემუქრება.

დღეს ჩვენთან სტაბილური ვითარებაა. გვაქვს ხორბლის მარაგი. დღეს ფოთში ერთი გემი იცლება, ორი გემი რეიდზე ბათუმშია. არის კიდევ გემები გზაში, და ახალი კონტრაქტებიც“, – განაცხადა სილაგავამ.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველომ 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდა. თუმცა შეზღუდვა არ შეეხო სატვირთო გადაზიდვებს.

ამ ეტაპზე ქვეყანაში გამოწვევად რჩება ეროვნული ვალუტის კურსი. კორონავირუსის გამო გაურკვევლობის და ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემის ფონზე 9 მარტიდან ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა დაიწყო. ერთ კვირაში ლარი 8,5%-ით გაუფასურდა.

სილაგავას თქმით, ეს ჯერჯერობით არ აისახება მარცვლეულის ფასზე.

ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს მთავრობასთან და გააზრებული გვაქვს, რომ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ლარს ნეგატიური მომენტები ექნება, ჩვენ მოვითხოვთ საგადასახადო მექანიზმების ამოქმედებას, როდესაც ხორბალსა და სხვა აუცილებელ პროდუქტებს აღარ ბეგრავენ დღგ-თი და ეს ფასებზე პოზიტიურად აისახება. ეს პრობლემა დღეს არ წარმოქმნილა, მაგრამ ჩვენ ვიხილავთ ყველა სცენარს და თუ პრობლემები შეიქმნება, ფასებს ასე და სხვა მექანიზმების მეშვეობით დავაბალანსებთ“, – განაცხადა სილაგავამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას არწმუნებს, რომ საქართველოს სურსათის კრიზისი არ ემუქრება და მიმართავს თხოვნით, არ დააცარიელოს დახლები.

გარდა ამისა, საქართველოს წამყვანი ქსელური სუპერმარკეტების ხელმძღვანელებმა გააკეთეს საგანგებო განცხადება და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი მაღაზიების საწყობები სავსეა და არ გეგმავენ პროდუქტების გაძვირებას.

აჟიოტაჟი, რომელიც გუშინ და დღეს სუპერმარკეტებში იყო ატეხილი, ადამიანური ფაქტორია. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბიზნესი გარკვეული პარამეტრებით მუშაობს – არა მხოლოდ ხორბლის ბიზნესი, არამედ ყველა სხვაც მუშაობს ისე, რომ მათ ჰქონდეთ მინიმუმ ერთი თვის მარაგი“, – განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, მოქალაქეებს მარტივი ლოგიკით შეუძლიათ დარწმუნდნენ იმაში, რომ პროდუქტი საკმარისია. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, კორონავირუსის პანდემიამდე ქართული კაფეები და რესტორნები აქტიურად ემზადებოდნენ ტურისტების ნაკადის დასახვედრად და ქორწილების სეზონისთვის.

ამიტომ დისტრიბუტორებმა და დაწესებულებებმა უკვე ყველაფერი შეიძინეს. ახლა, მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან, შესაბამისად, ეს პროდუქცია ჯერ არ არის რეალიზებული. ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ქვეყანაში არის პროდუქცია და არის ყველა პროდუქტის მარაგი“, – განაცხადა სილაგავამ.

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ებრძვის კორონავირუსის გავრცელებას ქვეყანაში. შექმნილია უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს ვითარებას და მუშაობს ახალ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებზე.

საქართველომ ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საზღვრები დაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან დაიკეტა სახმელეთო საზღვარი. რაც შეეხება თურქეთს, დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

გარდა ამისა, საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა.

Sputnk-Georgia