აქტუალური
თბილისში სამარშრუტო ტაქსები აიკრძალება - გიორგი გახარია

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. კორონავირუსის გავრცელების შეჩერებიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, გავრცელების შესაჩერებლად 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსები აიკრძალება.

პრემიერის განცხადებით, მთავრობის რეკომენდაციების შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. მისივე თქმით, არ არის პანიკის საფუძველი.

გიორგი გახარიას განცხადებით, რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, თუმცა დღეს ქვეყანაში ამის აუცილებლობა არ არ არის.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა კორონავირუსით პირველი ინფიცირებული, რომელიც სრულად განიკურნა. ის ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.