სამართალი
საქართველოს ციხეებში მსჯავრდებულებსა და მედპერსონალს შორის ინფიცირებული არ არის - წულუკიანი

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მასშტაბით პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომელთა, მსჯავრდებულთა და მედპერსონალს შორის კორონავირუსის გავრცელების კონტროლისა და პროფილაქტიკის მიზნით მკაცრი ზომები ტარდება, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

წულუკიანის თქმით, ახალი ბრალდებულების კორონავირუსზე შემოწმებისთვის მედპუნქტები პენიტენციური დაწესებულებების გარეთ არის გატანილი. ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში ახალი პატიმარი არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში და შემდგომი შემოწმების მიზნით სამოქალაქო კლინიკებში გადაიგზავნება.

განსაკუთრებით კონტროლდება პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალი, რომელიც არ უნდა გახდეს ინფიცირების წყარო.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შეზღუდვების პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში ცხრა ბრალდებული არ დაუშვეს, რადგან მათ საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდათ.

გარდა ამისა, უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას, თავი შეიკავონ იუსტიციის სახლებსა და რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მისვლისგან.

კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს – თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ვინც დღეს იუსტიციის სახლში მობრძანდება დოკუმენტის ასაღებად, მოვუწოდებ, რომ დაიცვან რიგში ერთმანეთისგან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია და ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მათ ამასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემენ, რადგან ამგვარი ინციდენტები დღეს დაფიქსირდა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ დოკუმენტზე, პირადობის მოწმობაზე უფრო ღირებული თქვენი ოჯახის და თქვენი შვილების ჯანმრთელობაა“, – განაცხადა წულუკიანმა.  

მინისტრის განმარტებით, თითოეულს უნდა ახსოვდეს ის სერიოზული გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა.

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 33 ადამიანს დაუდასტურდა, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველომ ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საზღვრები დაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან დაიკეტა სახმელეთო საზღვარი. რაც შეეხება თურქეთს, დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

გარდა ამისა, საქართველოში ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის აუცილებელი კარანტინი შემოიღეს.

თავად ქვეყანაში დაკეტილია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში ტარდება დეზინფექცია, ხოლო სხვადასხვა კონფესიების ტაძრებში რიგი მსახურება შეწყვეტილია.

ასევე ქვეყანაში გაუქმდა ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობამ სილამაზის სალონების, კაფე-ბარების, გასართობი ცენტრებისა და ტოტალიზატორების დახურვის რეკომენდაცია გასცა.