საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატი, 56 წლის ასლან ბჟანია კრასნოდარის რეგიონალური საავადმყოფოდან გაწერეს, სადაც იგი ფილტვების ორმხრივი ანთების დიაგნოზით, დაახლოებით, 10 დღის წინ მოათავსეს. ინფორმაცია 11 მარტს რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ტასს“- მა გაავრცელა.
ერთ-ერთ აფხაზურ მედიასაშუალებასთან მოკლე ინტერვიუში ბჟანიამ თქვა, რომ იგი სოხუმში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში „საარჩევნო კამპანიაში“ ჩაერთვება.
ასლან ბჟანია, 2 მარტს საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მოსკოვიდან სოხუმისკენ მიმავალი, გზად სოჭში გაჩერდა, სადაც თავი შეუძლოდ იგრძნო. მოგვიანებით, იგი კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასლან ბჟანია 22 მარტის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება. რეგიონის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში იანვრის თვეში გამართლი საპროტესტო აქციებისა და ადგილობრივი სასამართლოს მიერ 2019 წლის არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა.
მანამდე, 4 მარტს, აფხაზეთის „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა“ ვალერი ბგანბამ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის წარმომადგენელი ალექსეი დვინიანინი დაიბარა და შეშფოთება გამოხატა „რუსული მედიასაშუალებების დაუფარავი მცდელობების“ გამო, რომ ასლან ბჟანიას მოწამვლის თაობაზე ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელებით, რეგიონში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.
ბგანბამ რუსეთის ფედერაციას მოსთხოვა, რომ „დაუყონებლივ გადასცეს აფხაზეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფს მოცემული გამოცემების ხელთ არსებული ყველა ფაქტი, სამედიცინო დასკვნები წინასაგამოძიებო შემოწმების ჩასატარებლად“.
„ტასს“-ის ინფორმაციით, აფხაზეთის „პროკურატურამ“ ბჟანიას მოწამვლის ნიშნები ვერ გამოავლინა. სააგენტოს მიერ 10 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, „დაავადება მედიკამენტების უარყოფითი შედეგით იყო გამოწვეული“.