სამართალი
პატიმართა სიკვდილიანობა 50%-ით გაიზარდა

sikvdilianoba_cixeსახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობა, 2009 წელთან შედარებით, 50%-ით არის გაზრდილი. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ 2010 წელს 142 შეადგინა, როდესაც ეს მაჩვენებელი 2009 წელს 100-ზე ნაკლები იყო. სახალხო დამცველი პატიმართა გარდაცვალების ძირითად მიზეზებად ტუბერკულოზს, გულსისხლძარღვთა და სხვადასხვა ინფექციურ დაავადებას ასახელებს. გარდაცვლილთაგან ბევრს C ჰეპატიტიც აღენიშნებოდა, რაც გაკვეთის შედეგებმა დაადასტურა. გიორგი ტუღუშის განცხადებით, ტუბერკულოზთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარების ნაცვლად, გაღრმავდა.

„2010 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა „სიკვდილის ექსპორტს“ – ანგარიშში სწორედ ამ ტერმინით მოვიხსენიებ, – როდესაც, ფაქტობრივად, გარდაცვლილი პატიმრები სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაჰყავდათ. ბევრი პატიმარი, რომლებიც გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან, შეიძლება გზაში არ გარდაცვლილა, მაგრამ მაქსიმუმ ორი დღე იცოცხლა სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში. ეს მონაცემები დეტალურადაა ანგარიშში. ჩემს ანგარიშში სასჯელაღსრულების სისტემის არაერთი თანამშრომლის გვარი და სახელია მითითებული, რომლებიც შემჩნეული იყვნენ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობაში. პირდაპირ გვარები და სახელებია მითითებული არასათანადო მოპყრობის თავში“, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.