საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.
„აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები“,- ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მთავრობის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა, დროებითი შეზღუდვის მიზეზი არ არის დასახელებული. განცხადებაში არც ის არის მითითებული, დროებითი შეზღუდვა რამდენ ხანს გაგრძელდება.
დღევანდელი სტატისტიკით, თურქეთში კორონავირუსის 5 შემთხვევაა დადასტურებული, საქართველოში კი 30 შემთხვევა.