საზოგადოება
სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ორს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე, კარანტინში რჩება 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 46 პირი.

ამასთან, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს:

საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, პირველ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.

ასევე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი. დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.