მერაბ ჭიქაშვილი, გიორგი ხარაბაძე და არჩილ ჩიქოვანი შიმშილობენ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან 25 მარტს გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული მერაბ ჭიქაშვილი, გიორგი ხარაბაძე და არჩილ ჩიქოვანი წინასწარი დაკავების საკანში უკვე მეხუთე დღეა, შიმშილობენ. აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის – „რატომ“ – წარმომადგენელმა ნათია ქობალიამ და მოძრაობა „მამული, ენა, სარწმუნოების“ ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა გააკეთეს.
ნათია ქობალიას განცხადებით, დაკავებულების პროტესტი იმით არის განპირობებული, რომ წინასწარი დაკავების საკანში მათ არ აწვდიან პრესას, არ აძლევენ რელიგიურ ლიტერატურას და არ არსებობს პირადი ჰიგიენის საშუალებები. ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, სამივე დაკავებული მარხვაზეა და კანონით დაშვებულია, საპატიმროებში პატიმარს ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობისთვის საჭირო ლიტერატურა. ლადო სადღობელაშვილმა და ნათია ქობალიამ ხელისუფლებას მოუწოდეს, აღნიშნულ ფაქტს მიაქციოს ყურადღება და პატიმრებს ჰქონდეთ როგორც პირადი ჰიგიენის საშუალება, ასევე, მიეწოდოთ რელიგიური ლიტერატურა და ყოველდღიური პრესა.