საზოგადოება
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა არხმა პრევენციული ზომებს მიმართა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, საქართველოს პირველი არხი პრევენციულ ზომებს მიმართავს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია პირველი არხის ვალდებულება, „უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ“. ამიტომ, საქართველოს პირველმა არხმა მიიღო თანამშრომელთა ნაწილის დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანის გადაწყვეტილება. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობიდან დროებით გათავისუფლებული არიან ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონე თანამშრომლები და სხვა რისკჯგუფში შემავალი პირები.

გარდა ამისა, საქართველოს პირველი არხი დროებით ზღუდავს იმ გადაცემების ჩაწერას, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები/მოზარდები, მოწვეული სტუმრები და დიდი აუდიტორია.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, განისაზღვრა ახალი საპროგრამო პოლიტიკა. შესაბამისად, საეთერო ბადეში მოხდა ცვლილებები. 11 მარტიდან მაყურებელს საჭირო ინფორმაციას, კვალიფიციურ და გადამოწმებულ რჩევებს „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ სპეციალური პროგრამით მიაწვდის. გადაცემა ყოველდღე, 20:00 საათზე გავა ეთერში.

საქართველოს პირველი არხი ითვალისწინებს ევროპის მედიაგაიდლაინებს, უერთდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაცემულ რეკომენდაციებს და საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიჩინონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და დაიცვან შესაბამისი წესები.

პირველი არხი