პოლიტიკა
როგორ გადანაწილდება 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქები რეგიონების მიხედვით

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განაწილდება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად.

30-ზე მეტი ოპოზიციური პარტია და „ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად მოლაპარაკების მაგიდას გასული წლის დეკემბერში მიუსხდნენ, მას შემდეგ, რაც პარლამენტში 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე საკონსტიტუციო შესწორებები ჩავარდა და მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

კვირას, 8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ „120/30" მოდელზე, ანუ 120 მანდატი პროპორციული სისტემით განაწილდება, ხოლო 30 – მაჟორიტარულით. ამას გარდა, პარტიებისთვის დაწესდება 1%-იანი გამსვლელი ბარიერი და 40%-იანი ბარიერი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას, თუ პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს მიიღებს. ამ დროისთვის მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტი დაკომპლექტებულია პროპორციული სიით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 დეპუტატით.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისში შვიდი ოლქი შეიქმნება. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი დანარჩენი 23 ოლქი ასე გადანაწილდება: გურია – ერთი, აჭარა – სამი, სამეგრელო – სამი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი, იმერეთი – ოთხი, შიდა ქართლი – ორი, კახეთი – სამი, ქვემო ქართლი – სამი, სამცხე-ჯავახეთი – ორი, მცხეთა-მთიანეთი – ერთი.

ქვეყნის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თემა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დავის საგნად 2019 წლის ივნისიდან იქცა, როდესაც მმართველმა პარტიამ თბილისში დაწყებული მასშტაბური პროტესტის ფონზე 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლისა და ნულოვანი ბარიერის დაწესების პირობა დადო.

თუმცა წინააღმდეგი აღმოჩნდნენ ისინი, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ – "ქართული ოცნების" დეპუტატთა ნაწილი. მათი წყალობით საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ჩავარდა.

ამის შემდეგ ქვეყანა მოიცვა საპროტესტო აქციებმა, რომელზეც ოპოზიცია ხელისუფლებას პირობის შესრულებას სთხოვდა, თუმცა, მხარეებმა კონსენსუსის მიღწევა მხოლოდ ახლა მოახერხეს.

Sputnik-Georgia