სამართალი
არჩილ თალაკვაძე არ ადასტურებს, რომ უგულავას, ოქრუაშვილის, რურუას და თამლიანის გათავისუფლებაზე ოპოზიციასთან შეთანხმება შედგა

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამომავალი პრინციპია სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც დაპატიმრებისა თუ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები და არა პოლიტიკოსები.

როგორც თალაკვაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს პრონციპი ვრცელდება იმ საქმეებზე, რომლებზეც ოპოზიცია დღეს ხმამაღლა საუბრობს.

მე მგონი, ყველასათვის ნათელია, რომ ოპოზიციის ამ ერთი ნაწილის განცხადებები, მათ მიერ კონკრეტული გვარების დასახელება, ემსახურება ერთადერთს, რომ მათ მხარდამჭერებისადმი მიცემული საკმაოდ კატეგორიული პირობა, რომელიც შეთანხმებამდე საკმაოდ ინტენსიურად ჟღერდებოდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში და საჯარო განცხადებებში, ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამას აყენებდნენ პრიორიტეტულ საკითხად და რასაკვირველია, არავისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ნურც ჩვენ და ნურც თქვენ ჟურნალისტებს ნუ გაგიკვირდებათ, თუ ოპოზიციის ეს ნაწილი ცდილობს, რომ ეს საკითხი კვლავ შეინარჩუნოს აქტიურ კომუნიკაციაში. ეს არის მათთვის პოლიტიკური გამოსავალი. სხვა გზა ამ ოპოზიციონერებს ამ მომენტში არ აქვთ გარდა იმისა, რომ ხმამაღლა უთხრან თავის მხარდამჭერებს, რომ თითქოს რაღაც შეთანხმება შედგა გათავისუფლებასთან თუ დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, ამომავალი პრინციპია სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც დაპატიმრებისა თუ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები და არა პოლიტიკოსები და ეს პრინციპი ვრცელდება, მათ შორის, იმ საქმეებზე, რომლებზეც ოპოზიცია დღეს ხმამაღლა საუბრობს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ინფორმაციით, საარჩევნო სისტემის საკითხზე შეთანხმების პროცესში, ხელისუფლებასთან გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლების საკითხზეც იქნა დადებითი გადაწყვეტილება მიღებული. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, მათ შორის შეთანხმდნენ, რომ გიგი უგულავა ციხეს პრეზიდენტის მიერ შეწყალების საფუძველზე დატოვებს.