სამართალი
საქართველომ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო, რომელიც მას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობამდე მიიყვანს - კელი დეგნანი

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო, რომელიც მას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობამდე მიიყვანს”, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

ჩვენი გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე არის უცვლელი. ერთგული ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო, რომელიც მას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობამდე მიიყვანს. ეს სტანდარტები არის საკმაოდ მაღალი და ძალიან ზუსტად განსაზღვრული. ვფიქრობ, საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში ნატოს სტანდარტების შესრულებაში, რომლებსაც ნატო მოითხოვს ალიანსის ყველა წევრისგან. თუმცა, არის ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნაწილიც და აქაც ძალიან მაღალი სტანდარტები და მოლოდინებია. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამ სტანდარტების მისაღწევად. აშშ კვლავაც გაუმაგრებს ზურგს საქართველოს და შესაძლებელია, ჩვენ ვართ მისი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები და ასეც გავაგრძელებთ, რადგან ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით ავღანეთში, სხვაგანაც და ვიცით, რომ საქართველოს აქვს უნარი და ერთგულება, რაც საჭიროა უსაფრთხოების საერთაშორისო ქმედებებში ჩართვისთვის”, - განაცხადა კელი დეგნანმა, რომლის ინტერვიუსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.