საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში კვირას, იტალიიდან შემოვიდა და მაშინ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
„შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა. თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. გუშინ დილით მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია. ლაბორატორიულად გუშინ გვიან ღამით დადასტურდა დადებითი შემთხვევა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი – იტალიაში.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მეოთხე პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.