საზოგადოება
საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთას ID ბარათებით შეძლებენ

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთას ID ბარათებით შეძლებენ. როგორც სომხური სააგენტო „ნიუს ამი“ წერს, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული კრების სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთმა და საქართველომ შესაბამისი გეგმის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მისი განხორციელების შედეგად, მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, საზღვარი ID ბარათებით გადაკვეთონ. ჩვენ შევთანხმდით ამ დოკუმენტის განხორციელებაზე გადავიდეთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

აღნიშნულ შეთანხმებას ორმა ქვეყანამ 3-4 მარტს ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტისას მიაღწია. ამ დრომდე საქართველოსა და სომხეთის საზღვრის გადაკვეთა ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ პასპორტების გამოყენებით შეეძლოთ.

როგორც სომხური მედია წერს, ჯერ უცნობია, როდიდან შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში.