სამართალი
გილაურის კომენტარი ებრაელი ბიზნესმენების საქმის შესახებ

fuksსაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებული და განაჩენის მოლოდინში მყოფი ისრაელის ორი მოქალაქის საქმეზე თავის პირველ საჯარო კომენტარში პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვინც ოფიციალური პირის მოქრთამვას შეეცდება.

„ნებისმიერი ბიზნესმენი, ადამიანი თუ ინვესტორი, რომელიც შეეცდება კორუფციულ სქემაში შესვლას... სახელმწიფო მოხელის... სამთავრობო პირის მოქრთამვას, შეეცდება ქვეყნის ბიუჯეტიდან ფულის გაკეთებას არალეგალურად, აუცილებლად დაისჯება შესაბამისად. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მოწვევით იქნება ის“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს საპარლამენტო დებატების შემდეგ.

დეპუტატმა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ ლევან ვეფხვაძემ გუშინდელი საპარლამენტო დებატების დროს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს რონი ფუქსისა და მისი პარტნიორის – ზეევ ფრენკიელის დაპატიმრებაში მისი სავარაუდო როლის შესახებ პირდაპირი შეკითხვით მიმართა, თუმცა, პრემიერ-მინისტრი ამ საკითხს თავისი გამოსვლის დროს არ შეხებია. გილაურმა ამ თემაზე კომენტარი მხოლოდ დებატების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

რონი ფუქსი, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა პარტნიორ ზეევ ფრენკიელთან ერთად გასული წლის ოქტომბერში ბათუმში დააპატიმრეს, აცხადებს, რომ იგი საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც პრემიერ-მინისტრისგან მოწვევის წერილი მიიღო, რათა საქართველოს მთავრობასთან ის მრავალმილიონიანი დავა განეხილა, რომელიც მან საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო. მისი თქმით, წერილი საქართველოს ხელისუფლების „გეგმის“ ნაწილი იყო, რათა ის საქართველოში შემოეტყუებინათ საკითხის მოგვარების მიზნით, თუმცა ეს, ფაქტობრივად, მახე გამოდგა, რომელიც მის დაპატიმრებას და მრავალმილიონიან მოთხოვნაზე უარის თქმას ისახავდა მიზნად.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსმენის დროს ფუქსის ადვოკატმა პრემიერ-მინისტრის დაკითხვის მიზნით მისი მოწვევა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.