სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძის გადაყენების ინიციატორები ამჯერადაც „ქრისტიან-დემოკრატები“ არიან.
როგორც კალმახელიძის უწყებასთან დღეს, 31 მარტს, გამართულ ბრიფინგზე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, დღეს პარლამენტს სახალხო დამცველის ანგარიში წარედგინება, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში შექმნილ მძიმე სურათს ასახავს.„სახალხო დამცველის ანგარიშისა და მისი რეკომენდაციების იგნორირებას პარლამენტში წერტილი უნდა დაესვას და ომბუდსმენის მოხსენების მოსმენის შემდეგ კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პენიტენციარულ სისტემაში პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ხდება ამ პრობლემების გაღრმავება, უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი ბათუმის, ზუგდიდის, ხობის სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და გლდანის საპყრობილეში, ასევე, ქსნის ძველ დაწესებულებაში, სადაც პატიმართა ყოფა არაადამიანურია“, – აღნიშნა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ციხეებში პატიმრების გარდაცვალების კუთხით წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
„ხელისუფლება ჯიუტად არ აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს – პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენას არც ერთხელ არ მოჰყოლია რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება“, – დასძინა ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პარლამენტში „მინისტრების კვირეულის“ ფარგლებში უკვე დაისვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის გადაყენების საკითხი, თუმცა უმრავლესობის წევრებისგან ორივე მათგანმა მხარდაჭერა მიიღო და ისინი თანამდებობებზე დარჩნენ.