პოლიტიკა
სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ასეთი კარგი არასდროს ყოფილა - ნიკოლ ფაშინიანი

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. სომხეთისა და საქართველოს პარლამენტებს შორის კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც აძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის ატმოსფერო ასეთი კარგი არასდროს ყოფილა.

ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც აძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. მე ძალიან მიხარია, რომ თავის დროზე, როგორც სომხეთის პარლამენტის წევრი, ვმონაწილეობდი ამ პროცესში. მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება. სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ისეთ ატმოსფეროს მივაღწიეთ, რომელიც ჩემი აზრით, ასეთი კარგი არასდროს ყოფილა. ეს გამოხატულია სხვადასხვა სფეროში. მე გაკვირვებული და მოხარული ვიყავი, როდესაც ვნახე, რომ საქართველოდან სომხეთში ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე ვიცით, რომ სომხეთის ბევრი მოქალაქე ისვენებს საქართველოში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრაზე.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. ასევე გაიმართა ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.