როგორც ცნობილია, პოლიტიკურ პატიმრად წოდებული ვლადიმერ ვახანიას პოლიტიკური პარტია „მთლიანი საქართველოს“ ხელმძღვანელობა ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის დიდ დარბაზში, სამეგრელოს რეგიონის საზოგადოებას შეხვდა.
შეხვედრას დაახლოებით 500-600 ადამიანი ესწრებოდა. საზოგადოების წარმომადგენლების სიმცირე პარტიის ხელმძღვანელმა ჯემალ შელიამ არასათანადო ორგანიზებით ახსნა.როგორც ამბობენ, ვახანიას მხარდამჭერ შეხვედრაზე მისასვლელად მოსახლეობას პარტიამ გარკვეული თანხა გადაუხადა. შეუმოწმებელი ინფორმაციით, მონაწილეები სამეგრელოს სხვადასხვა რაიონიდან ზუგდიდში სპეციალური ტრანსპორტით ჩაიყვანეს და თითოეულ მათგანს შეხვედრაში მონაწილეობის სანაცვლოდ წინასწარ 10 ლარი გადაუხადეს.
ამბობენ იმასაც, რომ ვახანიას მხარდამჭერ აქციებზე მოსახლეობა მხოლოდ „თუ ფული გაქვს, შენი ვარ, თუ არადა – სხვისი ვარ“-ის პრინციპით დადის. ერთ-ერთ მსგავს აქციაზე მყოფ ერთ-ერთ მონაწილეს უთქვამს: „ვახანიას პარტიის ხედვებისა და იდეების მხარდამჭერი არა ვარ, თუმცა სახლში ჯდომას აქციებზე სიარულს ვამჯობინებ, რადგან დღევანდელ სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაში 1 ადამიანისთვის 10 ლარიც ფულია“.
P.S. არსებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებული ვლადიმერ ვახანიას პარტია, ალბათ, სამეგრელოში მხარდამჭერთა სიმრავლით ვერც იმდენად დაიკვეხნის, რამდენადაც ამას პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ.