აქტუალური
მობილურით საუბარი 7%-ით გაიაფდა

mobil-pone15 თებერვლიდან აბონენტებს ნომრის შეუცვლელად ქსელის არჩევის უფლება მიეცათ და მობილურ ოპერატორებს შორის დიდი მოძრაობა დაიწყო. სულ ამ დროისთვის სამივე მობილურ კომპანიაში პორტირების მსურველთა 19 ათასამდე განაცხადია შესული, მაგრამ ქსელის გამოცვლის მსურველთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ამ რიცხვში კორპორაციული მომხმარებლებიც შედიან, რომლებმაც კომპანიებს ერთიანი განაცხადით მიმართეს. ამ განაცხადებიდან ერთიანმა ადმინისტრატორმა „მედია პრო-ჯორჯიამ“, რომელმაც პორტირება ტექნიკურად უნდა განახორციელოს, 18,3 ათასი აბონენტი ახლად არჩეულ ქსელში უკვე გადართო. ამ რაოდენობიდან ყველაზე მეტი – 10,3 ათასი აბონენტი „მაგთიკომიდან“ „ჯეოსელში“ გადავიდა.

„მაგთიდან“ „მობიტელის“ ქსელში, რომელიც ბაზარზე „ბილაინის“ სახელით ოპერირებს, 2,2 ათასი მომხმარებელი გადაერთო; „ჯეოსელიდან“ „მაგთიში“ – 1,6 ათასი აბონენტი; „ჯეოსელიდან“ „ბილაინში“ – 1,2 ათასი; „ბილაინიდან“ „ჯეოსელში“ – 0,83 ათასი; „ბილაინიდან“ „მაგთიში“ – 2,01 ათასი.

იმის გამო, რომ „ჯეოსელმა“ პორტირებით, სულ ცოტა, 11 ათასი ახალი აბონენტი დაიმატა, ამ დროისთვის ბაზარზე წილები ასე ნაწილდება: აბონენტების 45,34% „ჯეოსელის“ ქსელშია ჩართული, 41% „მაგთის“ საკუთრებაა, 13% „ბილაინის“ მომსახურებით სარგებლობს.

კონკურენცია გამწვავდა და შედეგიც სახეზეა: შეიძლება ითქვას, ერთადერთი, რაც ჩვენთან იაფდება, მობილურით საუბარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტელეფონით საუბრის ფასი დაახლოებით 7%-ით შემცირდა.

პორტაბელურობა ფიქსირებულ სატელეფონო ქსელსაც უნდა შეეხოს. ამ სისტემაში საქალაქო ტელეფონები 15 ნოემბრიდან ჩაერთვება.