რედაქტორისგან
„ამერიკელების მიერ ქართველი ჯარისკაცების წვრთნა აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებში მიმდინარეობდა - ჩვენი ჯარისკაცები ერაყსა და ავღანეთში ამერიკის ექსპანსიისთვის ფართო საერთაშორისო სტატუსის მისანიჭებლად დასჭირდათ!“

samxedroაბა, მითხარით, რას გააწყობ დღეს უინტერნეტოდ?! აი, სულ რამდენიმე ამონარიდი ამ ყოვლისმცოდნე მანქანიდან ჩვენთვის საინტერესო თემაზე:

ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „სტრატფორის“ გამოკვლევებით, „საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გაკვეთილების გათვალისწინებით, თბილისი თავის სამხედრო სტრატეგიას გადახედავს. ნატოსთან თავისი დამოკიდებულებების მიუხედავად, საქართველომ დაასკვნა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და გადარჩენის ინტერესებში მისთვის აუცილებელია საკუთარი თავდაცვა და მოგერიების უნარი, რისთვისაც საქართველომ, პირველ რიგში, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მოდერნიზება უნდა მოახდინოს. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ საქართველოს, რუსეთის ზეწოლით, იარაღის სამი უდიდესი მომწოდებელი – ყაზახეთი, უკრაინა და ისრაელი – საქართველოსთან თავის სამხედრო კავშირს ამცირებს...“

სიმართლე გითხრათ, არავითარი საფუძველი არ მაქვს, არ მჯეროდეს „სტრატფორის“ დასკვნებისა და ჩვენი ხელისუფლების ხმამაღალი განცხადებებისა იმის შესახებ, რომ საქართველო თავის სავარაუდო მოწინააღმდეგედ რუსეთს მიიჩნევს, რაც ჩვენს ახალ თავდაცვის კონცეფციაში დაფიქსირებულია კიდეც.

და აი, აქ, უნებლიეთ, თითქოს თავისთავად, მებადება პირველი კითხვა: რა ვუყოთ იმ გაკვეთილებს, რომლებიც თითქოსდა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მივიღეთ? ნუთუ ჩვენს ქვეყანაში არ მოიძებნება განათლებული, მაღალკვალიფიციური ოკულისტი, რომელიც ჩვენს დიდ სტრატეგებს სათვალეს შეურჩევდა, რათა, ბოლოს და ბოლოს, დაენახათ ის უზარმაზარი ნიჩბები, რომელზე დაბიჯებაც მეორედ სურთ?!

სხვათა შორის, არცთუ გასაგებია ისიც, თუ რატომაა, რომ, თავისი დაჟინებული სურვილის მიუხედავად – ნატოს კარიბჭეში შეაბიჯოს, საქართველო, ასევე, ბეჯითად ცდილობს საკუთარი საიმედო თავდაცვის შექმნას და უნარის გამომუშავებას, დამოუკიდებლად მოიგერიოს სავარაუდო მოწინააღმდეგე. რა არის ეს, თუ არა ურწმუნობა იმისა, რომ მიუხედავად გამუდმებული თავზე ხელის გადასმისა, ნატოელები მაინცდამაინც არ ჩქარობენ, პატარა საქართველო საკუთარი საიმედო ფრთის ქვეშ შეიფარონ?!

იმასაც გულახდილად ვიტყვი, რომ არანაირად არ ვიზიარებ ცალკეული ე. წ. ექსპერტის თვალსაზრისს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თუ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა მოასწრებდა ერაყიდან თავისი საუკეთესო ელიტური ბატალიონის დროულად დაბრუნებას, ომის შედეგი, გარკვეულწილად, სხვაგვარი იქნებოდა.

ცდებით, ბატონებო! ჩვენ საარაკოდ გაგვიმართლა, რომ ეს ვერ მოვასწარით! რადგან საჩხერის ბატალიონი, სადაც უამრავი მეგობარი მყავს, სხვა, ტიპური ამერიკული პროგრამებით მომზადებულ ბატალიონებზე უკეთესი თუ არაა, არც არაფრით ჩამოუვარდება. პროგრამით, რომელიც, ჩემი შეხედულებით, სულაც არ არის უნაკლო და მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანასაც მოითხოვს.

მოკლედ, საომარ მოქმედებებში ბატალიონი ვერავითარ გარდატეხას ვერ მოახდენდა. წინააღმდეგობის გაძლიერების შემთხვვევაში კი მოწინააღმდეგის იერიში მრავალჯერ მძლავრი იქნებოდა, რაც, თავის მხრივ, მსხვერპლის რიცხვს გაზრდიდა! ამჯერად, როგორც იტყვიან, ღმერთმა დაგვიფარა. თუმცა, მაღალჩინოსან სამხედროებს, უმაღლესი მთავარსარდლის ხელმძღვანელობით, ვინმეს წინააღმდეგ ომის დაწყებამდე, უპრიანი იქნებოდა, ტვინი გაენძრიათ და ყველა სავარაუდო შედეგი გაეთვალისწინებინათ. თუმცა, ვისაც ამის უნარი შესწევდა შეიარაღებულ ძალთა რიგებში, რატომღაც, წინდაწინ გაათავისუფლეს, ხოლო წარმოქმნილი სიცარიელე საზაფხულო სამხედრო კურსდამთავრებულებით შეავსეს, რომელთა კომპეტენციაშიც, ეტყობა, ამგვარი თავსატეხების ამოხსნა არ შედის...

ჩემი ღრმა რწმენით, ეს „გაუგებრობა“ სათავეს იღებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე საქართველოში ფართოდ რეკლამირებული ამერიკული მეურვეობის პირველ წლებში.

რასაკვირველია, იქაური ექსპერტების რჩევით, საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ განისაზღვრა მის ფარგლებში ტერორისტული ჯგუფების შემოჭრა ჩრდილოეთ კავკასიიდან. თუმცა, პირადი შემადგენლობის წვრთნის ამგვარ სისტემაში ჩვენი მომიჯნავე ქვეყნების დიდ სახელმწიფო ფორმირებებთან შეტაკებები არ იგულისხმებოდა. ამიტომ ქართული არმიის ყველა მასშტაბური სამხედრო წვრთნა უმარტივესი სქემით მიმდინარეობდა – საზღვარს არღვევენ ტერორისტები, რომლებზეც ლამის მთელი არმია – ტანკებისა და ყველა სახეობის საარტილერიო და საზენიტო-სარაკეტო ტექნიკის გამოყენებით ნადირობს, თუმცა, ამისათვის საკმარისი იქნებოდა კარგად აღჭურვილი და სპეციალურად გაწვრთნილი ერთი ანტიტერორისტული ქვედანაყოფის შექმნაც.

იმ წლებში საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ყოველკვირეული სამხედრო პროგრამის ხელმძღვანელი ვიყავი და არაერთხელ მომიხდა მსგავს წვრთნებზე დასწრება. ჩვენი სამხედრო თამაშების ტიპურ სცენარებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე კი მუდამ ერთსა და იმავე პასუხს მაძლევდნენ: აქაოდა, რა შუაშია აქ სცენარი, მთავარია, ჯარები მოითელოს, კუნთები აათამაშონ! თითქოსდა, ყველაფერი სწორია... არადა, საბრძოლო მოქმედებების ერთი ოპერაციის ფარგლებში და საბრძოლო შეტაკების გაჩაღება დიდი ძალების გამოყენებით, როგორც იტყვიან, ორი სხვადასხვა რამაა, რაც ბრიყვისთვისაც ნათელია...

შემთხვევითი როდია, რომ 2008 წლის ომის ელვისებურად წაგების შემდეგ ჩვენთან ჩამოსულმა აშშ-ის არმიის გენერალ-პოლკოვნიკმა ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში მოიბოდიშა კიდეც: აქაოდა, დამნაშავენი ვართ, რომ თავდაცვა არ ვასწავლეთო... ვიტყოდი, არა მარტო არ ასწავლეს, არამედ შეგნებულად არ მოისურვეს ამის სწავლება!!! რადგან ყველა საერთაშორისო სამშვიდობო წვრთნაზე, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე, მაგალითად, აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, სადაც მე, როგორც ჟურნალისტი, ქართველ სამხედროებს თან ვახლდი, საქმე ე. წ. სიტუაციური წვრთნებით შემოიფარგლებოდა. ანუ, ხელოვნურად, სპეციალურად ამისათვის გაწვრთნილი „მასოვკის“ დახმარებით, იქმნებოდა კრიტიკული სიტუაცია, რომელშიც შესაძლოა, აღმოჩენილიყვნენ პოსტკონფლიქტურ ზონაში წესრიგის დასაცავად გაწვეული მშვიდობისმყოფლები.

როგორც მიხვდით, მშვიდობისმყოფლობის მეცნიერების შესწავლა სრულებითაც არ ნიშნავს საბრძოლო მომზადების ელემენტთა შესწავლას. ეს ყველაფერი კი მაძლევს უფლებას, ვამტკიცო, რომ ამერიკელების მიერ ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მომზადება საკუთარი და არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად მიმდინარეობდა! შემდგომმა მოვლენებმა თვალსაჩინოდ წარმოაჩინა, რომ ჩვენი ჯარისკაცები მათ ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში თავიანთი ექსპანსიისთვის ფართო საერთაშორისო სტატუსის მისანიჭებლად დასჭირდათ!

ამერიკელებთან დაკავშირებით თითქოსდა ყველაფერი გასაგებია – „აინ გროსე შიდო მახე გროსე ფარტ“, რაც ქართულად იგივეა, რაც „დიდი ხომალდი – დიდი ცურვა“, განსაკუთრებით, იმ მიმართულებით, საიდაც ნავთობის სუნი მოდის... მაგრამ ეგებ ვინმეს აეხსნა, ჩვენ რაღაც ვაკეთებდით იქ – იქნებ ჯერ ჩვენში მოგვეშენებინა ეს დემოკრატია და მერე მოგვერწყა „სხვისი ბოსტანი“?!

ეს აზრი მას შემდეგ განმიმტკიცდა, რაც არაერთხელ გავხდი ერთი და იმავე და, არ დავმალავ, ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ძალიან უსიამოვნო ეპიზოდის მომსწრე.

მოკლედ, ასე: მშვიდობისმყოფლების წვრთნის ტიპურ პროგრამაში გხვდება სიტუაცია, როცა ადმინისტრაციის ძალისმიერი შეცვლით აღგზნებული მოსახლეობა წესრიგის დამცველთა წონასწორობიდან გამოყვანას და ახალი არეულობის გამოწვევას ცდილობს. ამასთან, მასა ამას მუდამ სხვადასხვაგვარად აკეთებს, იმის მიხედვით, თუ რა ეროვნების მებრძოლებთან აქვს საქმე; ერთს ლანძღავს და შეურაცხყოფს, მეორეს აფურთხებს, მესამეს შეურაცხმყოფელ მეტსახელებს არქმევს. აი, ქართული შენაერთის წინ კი ამერიკელთა „მასოვკა“ მუდამ ერთსა და იმავე პანტომიმას წარმოადგენდა – ადამიანისმაგვარ მხტუნავ მაიმუნებს, რომლებიც ეს-ესაა ხიდან ძირს ჩამოვიდნენ. ძალაუნებურად ვიფიქრე – აი, თურმე, როგორ გამოვიყურებოდით ჩვენ, ქართველები, ჩვენი ცივილიზებული, სტრატეგიული „ძმების“ თვალში! და ნეტავ ვინმეს აეხსნა სხვის ქვეყანაში ჩათრეული ამ ბანდიტებისა და ავანტიურისტების ნაშიერებისთვის, რომ იმ დროს, როცა ისინი საბრალო ინდიელებს ჟუჟავდნენ, ჩვენ, ქართველები... თუმცა, თავადაც იცით.

თუმცა, მოდი, ისევ ჩვენს... სამხედრო სპეციალისტებს დავუბრუნდეთ. თუმცა, ეს – თითქმის იგივეა. სურვილი ღემატებოდე სავარაუდო მოწინააღმდეგეს, ანუ რუსებს, ტანკებითა და საზენიტო დანადგარებით, იგივეა, ვეყნის მთელი მამრობითი სქესის მოსახლეობა, გარდა იმ ნაწილისა, დოლარების საშოვნელად ევროპაში რომ დარბის, აიძულო, ტანკისტი და მეზენიტე გახდეს. გარდა ამისა, ურიგო არ იქნებოდა, ჩვენმა ბრძენმა სამხედროებმა იცოდნენ და კარგად დაიზეპირონ, რომ რუსებს არა მარტო „ჟანგიანი“ ტანკები და ზარბაზნები აქვთ, არამედ ისეთი თანამედროვე ტექნიკაც, რომლებიც არც კი დაგვსიზმრებია... ეს ჩვენ გვაკმარეს „ჟანგიანი“ ტანკები...

უპრიანი იქნებოდა, შეგვეხსენებინა მარტივი ანბანური ჭეშმარიტებაც; მაგალითად, იმის შესახებ, რომ ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებამდე ჯერ ფანქრითა და ფურცლით უნდა შეიარაღდე და კეთილი ინებო და დაითვალო:

ა) სავარაუდო მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა; 

ბ) მისი ტექნიკური აღჭურვილობის ხარისხი, ე.წ. მულტიპლიკატული ძალები ჩათვლით; 

გ) ოფიცრებისა და პირადი შემადგენლობის მომზადების დონე.

როდესაც ყველაფერს აწონ-დაწონი და საკუთარი ღირსებების უდავობაში დარწმუნდები, შეგიძლია სავარაუდო გამარჯვების სადღეგრძელოც შესვა.

ამას გეუბნებით მე, ჟურნალისტი, რომელმაც მრავალი წელი ნამდვილი სამხედროების გვერდით გავატარე. სპეციალისტები კიდევ უფრო მეტს გეტყვიან.

რაც შეეხება დიდ „გულბოროტ“ მეზობელს, ნომერ პირველ მტრად გამოცხადების ნაცვლად, მე ჩვენს ხელისუფლებას ვურჩევდი, მასთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დასარეგულირებლად ძალისხმევა არ დაეშურებინა. ეს კი, ქვეყნის წამყვან მეურნეთა აზრით, მყისიერად აისახება ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაზე.

კიდევ ერთი რჩევა და კვლავაც – კეთილი ნებიდან გამომდინარე: თქვენი საზენიტო-სატანკო მეურნეობის მოდერნიზაციას ნუ დაეშურებით. რა საჭიროა ზედმეტად გააღიზიანოთ ვინმე, თუკი შედეგი წინასწარ ცნობილია?! ჩემმა მეზობელმა მაყვალა შალვოვნამაც კი იცის, რომ აქ არანაირი შანსი არ გვაქვს! ჰოდა, უმჯობესი იქნებოდა, ეს სახსრები, ვთქვათ, სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარებაზე დახარჯოთ. რამე სარგებლობა მაინც მოუტანეთ თქვენს ქვეყანას, ბიჭებო! ბოლოს და ბოლოს, გაიგეთ: იმედი იმისა, რომ თქვენს სამხედრო ჭირვეულობებს ე. წ გავლენიანი მეგობრები აიტაცებენ, საღ აზრსაა მოკლებული. ჩვენ გამო, რაც უნდა კარგები ვიყოთ მათ თვალში, ახალ ომს არავინ წამოიწყებს!

თუმცა, ძალიან არ მინდა, პუბლიკაცია მინორულ ნოტზე დავასრულო. მეხსიერებამ ღირსეული ფინალი მიკარნახა. დიდი წვრთნების ის ორი ეპიზოდი გამახსენდა, როდესაც ძალიან ამაყი ვიყავი ჩვენი მოსამსახურეებით. ერთ მათგანზე ამერიკელები ჩვენებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ავტოტრანსპორტის შემოწმებას ასწავლიდნენ. მოახლოებული ავტომანქანიდან ინსტრუქტორებმა ოთხი მამაკაცი გადმოსვეს, რიგში დააყენეს, ჩვენები კი საბარგულისა და მანქანის „სტომაქის“ შესამოწმებლად წაიყვანეს. ამაზე ერთ-ერთმა ქართველმა მოსამსახურემ რეპლიკა წამოისროლა: ეი, ბიჭებო, ასე არ გამოვა. ჯერ ეს კაცები უნდა გავჩხრიკოთ და მერე უნდა მივიდეთ მანქანასთან. თუ არადა, ესენი გვესვრიან და ჯიბეებსაც გაგვიჩხრეკენ!“ შეცბუნებული ამერიკელი ინსტრუქტორები იძულებული გახდნენ, ჩვენი მოსამსახურეების აზრი გაეზიარებინათ.

მეორე შემთხვევა საჩხერეში მოხდა: ამერიკელები ჩვენს ჯარისკაცებს მთამსვლელობის საფუძვლებს ასწავლიდნენ; აჩვენებდნენ, როგორ უნდა დაეყენებინათ სამაგრები და ემოძრავათ ხელ-ფეხი. მათ შემდეგ საქმეს ჩვენი სპეცქვედანაყოფი შეუდგა. ბიჭები შემთხვევით როდი შეერჩიათ, ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ. ასეთები გინდ მშიერი დატოვე, ოღონდ კლდეებზე იცოცონ! ჩემ გვერდით მდგომმა „ვარსკვლავზოლიანსამხრეებიანმა“, რომელიც თვალს ადევნებდა მათ მუშაობას, ამოიხვნეშა და თქვა (სხვათაშორის, თავანკარა რუსულით): ეჰ, მგონი, ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ თქვენგან... ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა ჭეშმარიტება, რომ „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს“. ამიტომაც ჩვენს ხელისუფლებას ვურჩევ – საქართველოს სამხედრო ძალების შენებისას გონიერებსა და მცოდნეებს დაეყრდნოს და არა – გაუმაძღარ ბრიყვებს

და ღვთის გულისათვის, რუსეთს ნუ შეეხები, ორემ ით გამოვკვებავთ ამდენ ტყვეებს“ თავად მშივრები?! რა თქმა უნდა, გარდა ახალი სამხედრო უსაფრთხოების კონცეფციისა, დოქტრინითურთ. და ისიც, ჩაროზად, თორემ მისგან ფაფასაც ვერ მოხარშავ...

აი, ასეთი გამოგვდის ჩვენი ახალი სამხედრო -საფრთხოების კონცეფცია, ანუ ახალი ხიფათები, რომლებიც, ბოდიში და, ჩვენვე მოვიგონეთ...


საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“