სამართალი
საქართველოს აქვს შანსი, განიმტკიცოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიცია - NDI-ს პრეზიდენტი

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა, – ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ენდიაი) პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა საქართველოში ვიზიტის დასრულებისას განაცხადა.

როგორც ამ მნიშვნელოვან წელს, ისე მომავალშიც, „ენდიაი“ გააგრძელებს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას“ ,- აღნიშნა დერეკ მიტჩელმა.

დერეკ მიტჩელი საქართველოს 24-26 თებერვალს სტუმრობდა. ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტი იყო.

ქვეყნის დემოკრატიის განვითარებასა და NDI-ს პროგრამებზე სასაუბროდ ის თბილისსა და მარნეულს ესტუმრა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მიტჩელი შეხვდა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მმართველი პარტიისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების თავმჯდომარეებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, მერებსა და საკრებულოს წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ქალ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდა ლიდერებსა და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებს.

NDI მადლობას უხდის მათ დათმობილი დროისთვის და მოსაზრებების გაზიარებისთვის. ორგანიზაციის ცნობით, შეხვედრების მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო და საქართველოში NDI-ს საქმიანობა იყო.

საქართველოს დასავლელი მეგობრები, მათ შორის NDI, არჩევნებისთვის მზადების პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან”, – განაცხადა მიტჩელმა.

NDI-ს განცხადებაში ვკითხულობთ: მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებას საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა გააჩნდეს. ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იქნება: ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დროული და ფართო კონსესუსის მიღწევა; კანდიდატებისა და პარტიების უფლებების დაცვა, რათა მათ პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა; არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვა; პოლიტიკურ პროცესებში ქალების უსაფრთხო და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდების ჩართულობისთვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა და პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან არიდება, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას და გარე არალიბერალური ძალების გავლენებს აძლიერებს.

1994 წლიდან დღემდე, NDI საქართველოში პარლამენტთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საკრებულოებთან, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან თანამშრომლობს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვას. ენდიაი ყოველთვის ითვალისწინებს პარტნიორების საჭიროებებს. ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც მმართველ პარტიასთან, ისე ოპოზიციურ პარტიებთან და არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე პოლიტიკურ ძალას. საქართველოში NDI-მთავარი მიზანი გამჭირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა და არა არჩევნებში რომელიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა.

NDI საქართველოში რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, რათა გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და აქტივისტებს მოქალაქეთა შეხედულებებისა და პრიორიტეტების შესახებ სანდო ინფორმაცია მიაწოდოს. ენდიაის გამოკითხვები და ფოკუს ჯგუფები მთავრობის წარმომადგენლებთან და პარტიებთან კონსულტაციის გზით ტარდება. დერეკ მიტჩელის ვიზიტის ფარგლებში პარტნიორებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კვლევის მიგნებები ფართოდ გამოიყენება როგორც პარლამენტის წევრების, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საკანონმდებლო და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები კვლევის შედეგებს ორგანიზაციული განვითარებისა და საარჩევნო სტრატეგიების შემუშავებისთვისაც იყენებენ“, - ნათქვამია „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.