საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი მიუნხენის აეროპორტში „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის – ლევან გაჩეჩილაძისა და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის – ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძის დაპირისპირება, რომლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ გაავრცელა.
როგორც ჟურნალისტი წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში ლევან გაჩეჩილაძესა და ბადრი ბიწაძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რასაც დაპირისპირებული მხარეები უარყოფენ.
ბადრი ბიწაძემ ლევან გაჩეჩილაძეს პროვოკატორი უწოდა და აღნიშნა, რომ ის მის წინააღმდეგ ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებს, რათა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს მისი დაჭერა გაუადვილდეს.„გაჩეჩილაძემ მიიღო დავალება ხელისუფლებისგან, იქნებ ბიწაძე შარში გახვიოთო. მინდა, გითხრათ, რომ ეს იყო იაფფასიანი პროვოკაცია. რაც შეეხება ხელით შეხებას, ეს არც ისე ადვილია ჩემი მისამართით და მსგავს რამეს ადგილი ვერც ექნებოდა, რადგან ამას „ერთი ადგილი“ სჭირდება, რომელიც გაჩეჩილაძეს არ აქვს“, – განაცხადა ბიწაძემ.
რაც შეეხება შელაპარაკების დეტალებს, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „გაჩეჩილაძე დედალივით მოიქცა“ და გინებაზე მიუთითა, თუმცა მოგვიანებით გინების ფაქტი უარყო.
„ხომ იცით, ვინმე ვინმეს რომ შეაგინებს და გაიქცევა დედალივით, აი ასე მოუვიდა გაჩეჩილაძეს“, – აღნიშნა ბიწაძემ, თუმცა როდესაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს – შეაგინა თუ არა გაჩეჩილაძემ, ბიწაძემ დეტალების შესახებ საუბარზე უარი განაცხადა.
„ჩემი ნახვა თბილისში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს შეგნებული პროვოკაციაა, უყურეთ სამთავრობო არხებს, რას ჰყვებიან, ათას რაღაცას იგონებენ. თუ პროვოკაცია არ იქნება, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი საბაბი, რომ დამაკავოს“, – დასძინა ბიწაძემ.
მიუნხენის სკანდალის შემდეგ პრესაში გაჩეჩილაძე-ბიწაძის მორიგი დაპირისპირების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. „presa.ge“-ს ცნობით, ლევან გაჩეჩილაძე ბიწაძის წყნეთში მდებარე აგარაკთან მივიდა და ბურჯანაძის მეუღლის მისამართით უშვერი სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. აგარაკთან პატრულიც გამოიძახეს, თუმცა ოპოზიციონერი ლიდერი შემთხვევის ადგილიდან უკვე წასული იყო. დაპირისპირების თბილისურ გაგრძელებას როგორც „ქართული პარტია“, ისე ბადრი ბიწაძეც უარყოფს.
ბიწაძე-გაჩეჩილაძის სკანდალიდან ერთი რამ ფაქტია – მათ შორის დაპირისპირება ნამდვილად მოხდა, თუმცა ამ დრომდე არ კონკრეტდება, რა იყო ამ ყველაფრის რეალური მიზეზი ან მიზანი. ფაქტია ისიც, რომ საზოგადოების ყურადღება სოციალური პრობლემებიდან ამ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ მოვლენაზე გადავიდა და ფონი, რომელიც გარკვეული დოზით ნამდვილად ჰგავდა წინარევოლუციურს, მისუსტდა. ამ ყველაფერმა კი ალბათ, წყალი ისევ და ისევ ხელისუფლების წისქვილზე დაასხა და ის, ასე ვთქვათ, „ამოასუნთქა“ კიდეც.
აღსანიშნავია ერთი გარემოებაც – ლევან გაჩეჩილაძეც და „სახალხო კრებასთან“ ასოცირებული ბადრი ბიწაძის მეუღლე ნინო ბურჯანაძეც რევოლუციის მომხრეები არიან და, იმ შემთხვევაში, თუ გაჩეჩილაძე ბიწაძესთან მიმართებაში ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებდა საზოგადოებისა და პრესის ყურადღების ამ დაპირისპირებაზე გადატანის მიზნით, „ქართული პარტიის“ რევოლუციური მიმართულების რეალურობა, ალბათ, ეჭვქვეშ დადგება. ამავე დროს, საზოგადოების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ გაჩეჩილაძეს მხარეების მიერ მრავალგზის დაანონსებული აქციებისა თუ დაუმორჩილებლობის საკითხში ბურჯანაძის ჩამოცილება და მთავარი გმირის როლის შესრულება სურდეს.
ბიწაძემ გაჩეჩილაძესთან ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილზე შეხვედრის მზადყოფნაც გამოთქვა. საინტერესოა, მოჰყვება თუ არა გაგრძელება მათ დაპირისპირებას, რასაც ქართულ მედიაში არ გამორიცხავენ და ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუ მხარეებისა დ, განსაკუთრებით, ბიწაძის მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს გავითვალსწინებთ.