აქტუალური
თბილისში ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა – ეს საქართველოს მომავალია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2020" (Georgia and The World in 2020) გახსნაზე.

კონფერენცია ბრიტანული გამოცემა The Economist-ის და მისი შემაჯამებელი გამოცემის „მსოფლიო 2020-ში" ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით მეორედ იმართება.

წელს ღონისძიებაში დაახლოებით 200 დელეგატი და სტუმარი მონაწილეობს, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი და ქვეყნის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

საქართველოს მთავრობა აკეთებს იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნას განსაკუთრებული ბიზნეს-გარემო, განსაკუთრებული ბიზნეს-კლიმატი, რათა ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი სერვისის სფეროში მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა. სერვისის სფერო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის მომავალია. ყველას კარგად გვესმის, რომ ამას სჭირდება ბევრი წელი, სერვისზე ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკა არის საქართველოს მომავალი. სწორედ ამიტომ მსგავს კონფერენციებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რათა ჩვენ, ყველამ ერთად, ბიზნესმა, საექსპერტო საზოგადოებამ, მთავრობამ სწორად ვიპოვოთ ქვეყნის როლი გლობალურ კონტექსტში, ისევე, როგორც რეგიონულ კონტექსტში", – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, საქართველოს ძირითადი ამოცანებია ევროატლანტიკური ინტეგრაცია და კონკურენტული ბაზრის შექმნა.

დღეს საქართველო არის სატრანზიტო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით არის ღია, კონკურენტული ბაზარი", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სამი სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საერთაშორისო დონორი ორგანიზების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების განხილვა გლობალურ კონტექსტში ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით.

კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – დაბალანსებული ინტერესები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, ქართული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურის განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, ასევე საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – შედეგები და პრობლემები.