საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, 25 თებერვალი “საბჭოთა ოკუპაციის დღედ” გამოცხადდა. ”ოკუპაციის ასობით ათასი მსხვერპლის ხსოვნის აღსანიშნავად ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა”, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
”დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, აშშ საქართველოს გვერდით დგას მისი მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად!”, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებაში.
უკაცრავად, მაგრამ ერთი როდის, რომელ წლებში იდგა "აშშ საქართველოს გვერდით მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად"? იქნებ მაშინ, როდესაც ჩვენ ეტაპობრივად, 18 წლის განმავლობაში, ვკარგავდით ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტს?! ანდა "მძიმე ბრძოლის" რა ეტაპზე „დგას აშშ საქართველოს გვერდით"? ნუთუ ქართული პროდუქციის ექსპორტის დროს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციაში, თუ რუსული ინვესტიციებისა და რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების დროს?! ან იქნებ აშშ აგზავნის აქ მილიონობით რუს ტურისტს, რომელთა წყალობითაც, სხვა ”რუსულ” შემოსავლებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კერძო ბიზნესი ”ფეხებს არ ჭიმავს”?!
აი რატომაა, რომ ქართველი ხალხი - პოლიტიკოსები კი არა, საქართველოს რიგითი მოქალაქეების უმრავლესობა! - არასოდეს აღიარებდა ფეიკურ "საბჭოთა ოკუპაციის დღეს" და ამერიკის საელჩოს ცრუ განცხადებებს!
ჯანდაბას დიპლომატები, ისინი, მსახურები, ყოველთვის ამბობენ იმას, რაც ცენტრიდან უბრძანეს და არ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. მაგრამ რატომ გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ანგლოსაქსური წარმოების სუპერ-ბლეფის ფონზე, სახელწოდებით "ГРУ-ს კიბერშეტევა საქართველოზე", მკვეთრად ანტირუსული სტატიის - "საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრებას" გამოქვეყნება "The Washington Times"-ში? სადაც ავტორი - მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ალბათ პირველია, ვინც გასაგებად და გულწრფელად უხსნის ქართველ ხალხს - როგორ და რატომ გახდება საქართველო, თურქეთის მხარდაჭერით, შავ ზღვაზე რუსეთის წინააღმდეგ მთავარი ფორპოსტი?
პუტინის ვერსია - "სად არის მაყუთი?" - ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ არის შესაფერისი - გახარია არ ფლობს საქართველოში ნაქურდალ კაპიტალს, რომელსაც ამერიკულ ბანკებში ინახავს. ვერსია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს სტატია „რუსული ოკუპაციის დღეს“ მიუძღვნა, ასევე ნაკლებ სავარაუდოა - გახარიამ სხვებზე ბევრად უკეთ იცის, რომ საქართველოს იმდროინდელი მენშევიკური მთავრობა იყო მოღალატეების ბანდა, რომლებმაც საქართველო მიჰყიდეს გერმანელ, ინგლისელ, თურქ და სხვა ოკუპანტებს და ემიგრაციაში თქვლეფდნენ რესპუბლიკის სიმდიდრეს პარიზის რესტორნებში!
მაშ - რა იყო მიზანი?! რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტის პროვოცირება, რომელიც თავად იტყვის უარს ამა წლის მაისში თბილისში ევროსაბჭოს მინისტერიალზე ლავროვისა თუ მისი მოადგილის გამოგზავნაზე? რთული და არადამაჯერებელია, სავარაუდოდ, მიზეზი სხვაგან არის საძიებელი. რაკიღა გახარიას კარიერული ზრდა საქართველოში დასრულდა - ამაზე მაღალი სახელმწიფო თანამდებობა აღარ არსებობს, გახარია ემზადება კომფორტული გადადგომისთვის, მაგალითად - დიპლომატიურ სამუშაოზე გადასვლისთვის. და, გადადგომამდე, საქართველოში უკვე დიდი ხნის დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, განსაკუთრებით თავგამოდებით იწყებს რუსეთის ლანძღვასა და აშშ-ის გულის მოგებას, რათა ვაშინგტონმა არ დაბლოკოს მისი ელჩად დანიშვნა რომელიმე დასავლურ ქვეყანაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში, ანდა, სულაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად! რა არის გასაკვირი?! ხომ მსახურობს დღეს თავდაცვის მინისტრად საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - რით ჩამოუვარდება მას გახარია?!
საქინფორმის რედაქცია