2011 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც მთავრობამ უკვე წარუდგინა პარლამენტს განსახილველად, ძირითადად, ევროობლიგაციების რეფინანსირების, სხვა ხარჯებთან ერთად პენსიების ზრდის გეგმებსა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კორექციას უკავშირდება.
პროექტის თანახმად, საბიუჯეტო შემოსავლები 348.8 მლნ ლარით იზრდება არსებული 5.955 მლრდ ლარიდან და 6.304 მლრდ ლარს აღწევს. ამასთან, საგადასახადო შემოსავლები 350 მლნ ლარით იზრდება, ხოლო გრანტები არსებული 355.8 მლნ ლარიდან მცირედით იკლებს, რომლის საპროგნოზო მოცულობა 354.6 მლნ ლარი ხდება.
პროექტის თანახმად, საბიუჯეტო ხარჯები 230 მლნ ლარით გაიზრდება და 5.958 მლრდ ლარს შეადგენს.მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილება
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებებს საფუძვლად დაედო მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურად ზრდა, რაც თავდაპირველად დაგეგმილი 4.5%-ის ნაცვლად, 5.5%-იანი ზრდით განისაზღვრება. გასულ წელს ეკონომიკის ზრდამ 6.4 % შეადგინა.
ამას გარდა, სამომხმარებლო ფასების ინდექსი თავდაპირველად დაგეგმილი 7%-დან იზრდება და ეს მაჩვენებელი 8%-ს აღწევს. თებერვლის უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა, თუმცა მთავრობა იმედოვნებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ინფლაციის ზრდადი ტენდენცია წლის მეორე ნახევარში კლებას დაიწყებს და მისი მაჩვენებელი კვლავ ერთნიშნა ნიშნულს მიუახლოვდება.
ამას გარდა, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დეფიციტი მშპ-ს 4,3%-იდან, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, 3,7%-მდე შემცირდება. 2010 წელს საბიუჯეტო დეფიციტმა 6.5% შეადგინა, ხოლო 2009 წელს – 9.2%. მთავრობის მიზანია, 2013 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი 3%-მდე დაიყვანოს.
ვალდებულებების ზრდა
ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო და საგარეო ვალი, დაახლოებით, 1 მლრდ ლარით გაიზრდება და წელს, ჯამში, 1.869 მლრდ ლარს მიაღწევს.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა წელსვე გეგმავს 900 მლნ ლარის (დაახლოებით, 527 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების საგარეო ფასიანი ქაღალდების ემისიას, რათა ეტაპობრივად მოხდეს 2008 წლის აპრილში გამოშვებული იმ 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომელთა გადახდაც ბიუჯეტს 2013 წლისთვის უწევდა.
ახალი საგარეო ფასიანი ქაღალდების გამოშვებიდან გამომდინარე, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული 332.7 მლნ ლარი 25.1 მლნ ლარით იზრდება და 357.8 მლნ ლარს აღწევს, ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად.
პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ახალი ევროობლიგაციების განთავსებით მიღებული დამატებითი შემოსავლები არ იქნება გამოყენებული ბიუჯეტში გაწერილი ხარჯების დასაფინანსებლად.
საბიუჯეტო ცვლილებები საგარეო ვალის დამატებით 15.2 მლნ ლარით ზრდასაც ითვალისწინებს, მათ შორის, მსოფლიო ბანკის 8 მლნ ლარის ოდენობით კრედიტისა და აზიის განვითარების ბანკის 7 მლნ ლარის კრედიტის ხარჯზე, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
საგარეო ვალდებულებების ზრდის პარალელურად, საბიუჯეტო ცვლილებები საშინაო ვალის ზრდასაც ითვალისწინებს 100 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით.
ხარჯების ზრდა
საბიუჯეტო ცვლილებებით დაგეგმილი შემოსავლებიდან ყველაზე მეტ თანხას – 86 მლნ ლარს – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. აქედან 55.2 მლნ ლარი ასაკით პენსიონერებისთვის მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდას მოხმარდება, რასაც მთავრობა 1 სექტემბრიდან გეგმავს.
საერთო ჯამში, დამატებით 63 მლნ ლარი გამოიყოფა მიმდინარე და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ხოლო დამატებით 9 მლნ ლარს მიიღებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც, ხელისუფლების განცხადებით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
საბიუჯეტო ცვლილებათა პროექტის მიხედვით, ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება, გარდა საგარეო საქმეთა; თავდაცვის; შინაგან საქმეთა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა; ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის უწყებებისა.
ამასთან, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება არსებული 118 მლნ ლარიდან 166 მლნ ლარამდე იზრდება; 53.5 მლნ ლარამდე გაეზრდება დაფინანსება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს (არსებული 47.5 მლნ ლარიდან).
მთავრობამ აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად 28 მარტს მას შემდეგ წარადგინა, რაც ექვსი დღით ადრე პარლამენტმა კენჭი უყარა წელს განხორციელებულ პირველ ცვლილებებს ბიუჯეტის კანონში, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას უკავშირდებოდა.