ანზორ მაისურაძე: დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე სუვერენიტეტის ნგრევა დავიწყეთ
1989 წლის 9 აპრილი ის მიჯნა აღმოჩნდა, საიდანაც ეროვნულმა მოძრაობამ მძლავრი იმპულსი მიიღო და იმ ორბიტაზე გავიდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გამოცხადებით დაგვირგვინდა. ანზორ მაისურაძე, ვინც იმ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა, უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად ამ მოვლენის მომსწრე და მონაწილე იყო. 9 აპრილის პერიპეტიებზე მას არაერთხელ უსაუბრია. ამჯერად აპრილის იმ ტრაგიკული ღამის ერთი მომენტის დაზუსტებას ვთხოვ:
- ბატონო ანზორ, მიტინგის დარბევამდე ერთი საათით ადრე თქვენი უწყების თანამშრომლები მორიგეობიდან მოხსნეს და შინ გაუშვეს. მილიცია დარჩა და, მსხვერპლი უფრო მეტი რომ არ იყო, დიდწილად მის დამსახურებადაა მიჩნეული. რით შეიძლება აიხსნას ძალოვანი სტრუქტურებისადმი ასეთი განსხვავებული მიდგომა? - ბევრი რამით. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ მილიცია რუსთაველის პროსპექტზე წესრიგის დასაცავად იყო მობილიზებული. ჩვენ მიტინგთან უშუალო შეხებაში არ ვიმყოფებოდით, ჩვენს სამუშაო ადგილებზე ვმორიგეობდით. მთავრობის სახლის წინ გარეთვალთვალის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. - ესე იგი, მილიციასა და უშიშროებას სრულიად განსხვავებული ამოცანები ჰქონდა დაკისრებული? - დიახ, ასე იყო. მეორე, რაც მთავარია, უშიშროების თანამშრომლების მორიგეობიდან მოხსნით ჩვენ გაგვარიდეს მოსალოდნელ გართულებას, საშიშროებას, რომელიც გამორიცხული არ იყო. - რას გულისხმობთ? - ჩვენ შეიარაღებულები ვიყავით. ვერავინ დადგებოდა იმის გარანტად, რომ დარბევის დროს, როცა არმია ხალხს დაერეოდა, ჩვენ-ჩვენი იარაღი მომიტინგეთა დასაცავად და გადასარჩენად არ გამოგვეყენებინა. ამიტომ გაგვარიდეს, ეშმაკურად გაგვარიდეს. ასეთ დასკვნამდე იმ ღამით განვითარებული მოვლენების ანალიზს მივყავართ, თორემ მაშინ წარმოდგენაც არ გვქონდა, რა შეიძლება მომხდარიყო... ორი დღე-ღამის უძინარებს ღამის 3 საათზე გამოგვიცხადეს, რომ მორიგეობა დამთავრებულია და შეგვიძლია სახლებში წავიდეთ. დილის 6 საათზე გაგვაღვიძეს და გვითხრეს, რა ტრაგედიაც დატრიალდა რუსთაველის პროსპექტზე. გარეთვალთვალის სამსახურმა, რომელიც, როგორც გითხარით, ადგილზე დარჩა, ფირზე აღბეჭდა, რაც მოხდა. მათი გადაღებული კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა. - თქვენ გაგარიდეს? - დიახ, გაგვარიდეს, რადგან ადრეც მითქვამს, რომ ეროვნული განწყობილება საქართველოს უშიშროების თანამშრომლებისთვის უცხო და მიუღებელი არ ყოფილა და, ყველა თუ არა, რაღაც ნაწილი მაინც შეიძლება დამდგარიყო მომიტინგეთა დასაცავად, იარაღიც გამოეყენებინა და მაშინ გაცილებით მეტი სისხლი დაიღვრებოდა ორივე მხარეს. ასე ვფიქრობ მე დღევანდელი გადასახედიდან. - და რასაც გიდასტურებთ ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე მოვლენები. მეორე მომენტი, რომლისადმი თქვენი დამოკიდებულების დაზუსტება მინდა გთხოვოთ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ ქართველი ინტელიგენციის ერთი ნაწილის მოსკოვის აგენტებად გამოცხადების თქვენი მხრიდან დადასტურების მოთხოვნას ეხება. - კრემლისა და “კაგებეს” აგენტებად. - რატომ დასჭირდა მათი დისკრედიტაცია? - იმიტომ, რომ ყველა მათგანი ოპოზიციაში ჩაუდგა. ძალიან მწარედ აკრიტიკებდა პრესით თუ მიტინგებზე - ყველა, ვინც კი იყო მაშინ საქართველოში ასე თუ ისე ცნობილი ადამიანი, ინტელიგენციის წარმომადგენლები, განსაკუთრებით აქტიურობდნენ და მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. - დავაზუსტოთ: მის წინააღმდეგ თუ სუვერენული ქართული ხელისუფლების წინააღმდეგ? - მისი ოპონენტები იყვნენ ისინი, ვისაც მის ხელისუფლებაში ყოფნა არ სურდა, მის ხელქვეითად ყოფნა არ უნდოდა. ის ოცდაათი კაცი, ვისი აგენტობის დადასტურებაც მომთხოვა ზვიად გამსახურდიამ, საზოგადოების განსაკუთრებით გამორჩეული ადამიანები იყვნენ - მწერლები, მეცნიერები, ხელოვნების მოღვაწეები. ისინი აკრიტიკებდნენ მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. არ იყვნენ ისინი “უშიშროებისა და კრემლის აგენტები” - ჩემი ინფორმაციით, არ იყვნენ და პრეზიდენტს ვინ მიაწოდა ასეთი ინფორმაცია, არ ვიცი. - არადა, ორივე მხარეს სურდა სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება. - რა თქმა უნდა... გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში რვა წელიწად-ნახევარი ერთ პატარა ქვეყანაში - იორდანიაში ვმუშაობდი, ჩემი თვალით ვხედავდი, რას ნიშნავდა დამოუკიდებლობა - გაეროს წევრიც იყო იორდანია, დიპლომატიური ურთიერთობაც ჰქონდა უამრავ ქვეყანასთან, დიპლომატიური წარმომადგენლობები ფუნქციონირებდა დედაქალაქ ამანში... ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტავ, თუ დადგება დრო, ჩვენთანაც ასე რომ იყოს-მეთქი? არ არსებობს კაცი, სუვერენიტეტისთვის განწყობილი არ იყოს. დამოუკიდებელი ქვეყანა რომ გავხდით, ყველანი დიდი სიხარულით შევეგებეთ ამ ისტორიულ მოვლენას. ყველა ჩვენგანში იდო მისწრაფება და სურვილი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ჩვენი თავი ჩვენვე რომ გვეყუდნოდეს, იმისი. - მახსენდება თქვენი მონაყოლი მოსკოვიდან საკავშირო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის სატელეფონო ზარის შესახებ: “რატომ ამტვრევთ ღია კარს, რატომ აწყობთ მიტინგებსა და გამოსვლებს, რატომ ხმაურობთ? დაწყნარდით, დამშვიდდით, რადგან ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ: მიიღებთ დამოუკიდებლობას, გექნებათ სრული სუვერენიტეტი”.
თუ ასეთი პერსპექტივა რეალურად გველოდა, რატომ შევაკალით თავი? - ჯერ ერთი, საქართველოში არ აღმოჩნდა ისეთი ძალა, რომელიც დაარწმუნებდა საზოგადოების ფართო ფენებს, რომ სუვერენიზაცია რეალური პერსპექტივა იყო. მაშინდელი ხელისუფლების ავტორიტეტი კრიტიკულ ზღვარზე დაბლა იყო დაცემული და არავინ დაუჯერებდა. მეორე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ სსრკ იმდროინდელ ხელმძღვანელობაში არსებული გაორებისა და შეუთანხმებლობის გამო, საქართველოს ხელმძღვანელობას ურთიერთგამომრიცხავ მითითებებს აძლევდნენ ცენტრიდან. აღტკინებული მასა ვერ დაცხრა იმიტომაც, რომ მიტინგის ორგანიზატორები თავიანთ ვარსკვლავურ საათს ვერ შეელიენ. - მიტინგის დარბევის განკარგულება ამ უთავბოლობის გამო გაიცა? - მომიტინგეების ძალადობრივი დაშლის შესახებ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სწორი არ იყო. თანაც - მესანგრეთა ნიჩბებით, პარალიზებადი გაზით, რომელსაც “გრეჩიხას” უწოდებდნენ... დიდი დანაშაული იყო ჩადენილი. - ბრძანების გამცემი ხომ უმაღლესი ხელისუფლება იყო? - პოლიტიკური გადაწყვეტილება უშუალოდ მიხეილ გორბაჩოვისგან მოდიოდა. - მაშინ, გამაგებინეთ, სადაა საღი აზროვნების ლოგიკა: თუ სუვერენიტეტს მაინც გვაძლევდნენ, დარბევა მიტინგის, რომელიც სხვას არაფერს მოითხოვდა, რა საჭირო იყო? - მე მგონი, ამ კონკრეტულ ფაქტშიც გამჟღავნდა “პერესტროიკის” ის გაორება, რაც შეუთავსებლის შეთავსების მცდელობით და გარდაქმნის იდეის ნახევრულობით იყო განპირობებული. - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო სამოქალაქო ომი, ძმათამკვლელი დაპირისპირება. ამას პოლიტბიუროს ვერ დავაბრალებთ. - სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ჩვენი უთავობა იყო. ამბიციებს ავყევით. პოლიტიზება გაუჯდა საქართველოს სხეულს. ოჯახებიც კი დაიყვნენ ზვიადისტებად და მის მოწინააღმდეგეებად. ბევრი არაკომპეტენტური და, მეტსაც გეტყვით, გაუნათლებელი პიროვნება აღმოჩნდა სახელმწიფო ხელმძღვანელ პოსტებზე. ქვეყნის მართვის უვიცობის ბრალი იყო, როცა კომპარტიის 410 ათას წევრს გადაუწურეს არსებობის იმედიც და სახსარიც. ამ ადამიანების უკან მათი ოჯახის წევრები ხომ იდგნენ? და გამოდის, რომ ორ მილიონამდე ადამიანი დატოვეს უპერსპექტივოდ, ნახევარი საქართველო დაიპირისპირეს. ერთი ხელის მოსმით მოიცილეს პროფესიონალები, საქმის მცოდნე და გამოცდილი ადამიანები საზოგადოებრივი საქმიანობის, ეკონომიკის დარგების საკვანძო თანამდებობებიდან. სამრეწველო საწარმოები დაარბიეს, კოლმეურნეობების ქონება მიიტაცეს, ქვეყანა დამპყრობლის შემოსევით გაძარცვულ-გაჩანაგებულზე უარეს დღეში აღმოჩნდა. - გამოდის, რომ სუვერენიტეტის მოპოვების კვალზე ჩვენ დავიწყეთ ამ სუვერენიტეტისთვის საფუძვლის გამოცლა? - ასე გამოდის... დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე სუვერენიტეტის ნგრევა დავიწყეთ. ამიტომ ვთხოვე პრეზიდენტს - ნუ აკეთებთ ამას-მეთქი, დავუსაბუთე კიდეც. - დაგეთანხმათ? - დამეთანხმა, მართალი ხარო. იმ დღეს, 2 საათზე გამოვიდა საინფორმაციო მიტინგზე და თქვა, რომ კომუნისტები უნდა გამოვიყენოთო ქვეყნის მართვის საქმეში. საღამოს კი აბსოლუტურად შეიცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ ყველა უნდა დავიჭიროთო. - ესე იგი, იყო სხვა ძალები, რომლებსაც დიდი გავლენა ჰქონდათ პრეზიდენტზე? - რა თქმა უნდა - მისი გარემოცვა, განაწყენებული ადამიანები კომუნისტების დროიდან. მაგრამ ხომ იყვნენ უკმაყოფილო ადამიანები ბალტიისპირა რესპუბლიკებშიც? იყვნენ. მაგრამ ამის გამო იქ “კუდიანებზე ნადირობა” არ დაუწყიათ. პირიქით, ცეკას ყოფილი პირველი მდივანი ბრაზაუსკასი პრეზიდენტადაც აირჩიეს. ჩვენთან ყველას ერთბაშად ხაზი გადაუსვეს, რაც დიდი შეცდომა იყო. ასე მიმაჩნია. - ხომ არ მიგაჩნიათ, რომ კადრების პრობლემა იყო და არის მიზეზთა მიზეზი? გამსახურდიას დროს - კომუნისტობა, სააკაშვილის დროს - ასაკობრივი ზღვარი, შევარდნაძის დროს - სააკაშვილი? - მიმაჩნია, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობის მიღების უფლება ადამიანის ყველა სხვა უფლებათა რანგისაა და მისი შეზღუდვა ისეთივე დანაშაულია, როგორც ნებისმიერი სხვა უფლების დარღვევა. ამ უფლების დარღვევის შედეგად მივიღეთ დაქცეული ქვეყანა და ამიტომაა, რომ დღესაც ხელგაწვდილი ვართ. ეს რანაირი დამოუკიდებლობაა, როცა ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად სხვაზე ვართ დამოკიდებული?! ერთი წუთით წარმოიდგინეთ, გარედან ფინანსური ინიექციები რომ არ შემოდიოდეს, რა დღებში ჩავვარდებოდით! არ უნდათ იმ ქვეყნებს, ვისი გავლენის ქვეშაც დღეს საქართველოა, ჩვენი ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა. არ უნდათ და - მორჩა!
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
http://geworld.net/politics/1233.html