პუბლიკაციები
ვალუტაც და სუვერენიტეტიც ერთნაირად გაგვიუფასურდა

javaxishvili“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი.
- რა მოხდა, ბატონო ნოდარ? სუვერენიტეტის მოსაპოვებლად მზად ვიყავით, ბალახი გვეჭამა, ჩვენი მოწეული ციტრუსებითა და ჩაით აგვეყვავებინა ქვეყნის ეკონომიკა. დამოუკიდებლობის მოპოვების მეოცე წელს “აღმოვაჩინეთ”, რომ არც ბალახია საჭმელად ვარგისი პროდუქტი, არც ციტრუსები - ეკონომიკის საფუძველი. ჩაის კულტურა კი გადამმუშავებელი მრეწველობითურთ მოვსპეთ და გავანადგურეთ. ძალიან იოლი გვეგონა, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი ცხოვრება, ისეთი, როგორსაც მიტინგური ემოციები გვიხატავდა. ნოსტალგია გაჩნდა ძველი ცხოვრების...

 

 - ამის ფესვები ჩვენს ისტორიულ რეალობაში უნდა ვეძებოთ, როცა თანდათან ვკარგავდით სახელმწიფოებრივ შეგნებას, სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებას, აზროვნებას: ფაქტია, რომ საქართველოს სა­ხელმწიფოებრიობა არ ჰქონდა - არც მეფის რუსეთში, არც საბჭოთა კავშირში.
თანდათან დავკარგეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც ჩვენი უპირველესი ზრუნვის საგანი უნდა ყოფილიყო.
მე მგონი, ცუდად არ გამიგებენ, თუ ვიტყვი, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართველმა ხალხმა საერთოდ გაილაღა. გვეუბნებოდნენ (ფაქტებიდან გამომდინარე), რომ ჩვენ ვიყავით საუკეთესონი საუკეთესოთა შორის ყველა სფეროში - კულტურაში, მეცნიერებაში, განათლებაში, სპორტში. ქართულ ნიჭსა და გონებას ძალიან კარგად და სრულად იყენებდნენ იმ საზოგადოებრივ ფორმაციაში. ამასთან, სტალინის ფენომენმა შეგვიქმნა თავისთავად ქართველების გამორჩეულობის გრძნობა... აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდა, უმრავლეს შემთხვევაში, პირველობის უსაფუძვლო ამბიციები: ამხელა საბჭოთა კავშირ­ში, რუსეთის მიერ “ჩაგვრის” პირობებში ასეთი “მაგრები” თუ ვართ, დამოუკიდებლობის პირობებში ხომ გაცილებით გამორჩეულები ვიქნებით!
დავანებოთ ყველაფერს თავი - მიწერებს, გაყალბებას, კანონის დარღვევას და ა.შ. მაგრამ “მიშა! მიშას!” ძახილით საზოგადოების დიდმა ნაწილმა სააკაშვილი პრეზიდენტად რომ აირჩია, ასიდან ოცდაცხრამეტს მისი ბიოგრაფიაც არ ჰქონდა წაკითხული, ხომ ფაქტია?
არადა, ის პატარა ბიოგრაფიაც რომ წაეკითხათ, რომელიც მაშინ გამოქვეყნდა, ბევრ რამეს მიხვდებოდნენ. ოთხ წელიწადში ხუთი უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, აქედან რაღაც დასკვნები კი უნდა გამოეტანათ.
სად გახსნა შრომის წიგნაკი და რა უკეთებია მანამდე? პარლამენტში? რომელიც, საქართველოში განსაკუთრებით, გაუგებარი სალაყბოა? როცა ვეკითხებოდი - რატომ ფიქრობდით, რომ იგი იყო ქვეყნის მხსნელი და რამ გადაგადგმევინათ ასეთი ნაბიჯი-მეთქი, მიპასუხებდენ, - შევარდნაძის სიძულვილმაო.
მაპატიეთ, მაგრამ, ჩემი მეგობრისთვის მითქვამს, ცოლმა რომ გიღალატოს, იმის ჯინაზე წახვალ და ჩელუსკინელების ხიდის თავიდან იაფფასიან მეძავს მოიყვან და სახლში დაისვამ?!

ერთი თუ გაუშვი, უკეთესი უნდა მოიყვანო.
აქაც უნდა ვეძებოთ თქვენს დასმულ კითხვაზე პასუხი.
- ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ მიზეზები?
- მე მგონი, სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ. თქვენ გგონიათ, ძალიან იოლია, ასე მწარედ ილაპარაკო საკუთარ ერზე? მაგრამ, რაც ვთქვი, ფაქტია.
- შევცდით, მწარედ შევცდით, მაგრამ იყო და - დამთავრდა.
- თქვენ გგონიათ, რომ დღეს ვართ მზად?
- მინდა, რომ მეგონოს!
- ძალიან ვშიშობ, აბსოლუტურად დემოკრატიული და სუფთა არჩევნები რომ ჩავატაროთ, ქართველი საზოგადოებრიობა სწორ არჩევანს მაინც არ მიიღებს, თუ, რასაკვირველია, ძალიან არ იყოჩაღა ოპოზიციამ. ჩვენი ელექტორატის დიდი ნაწილი, უბრალოდ, ნაცნობ სახეებს მიჰყვება, განსაკუთრებით, მდიდარსა და შეძლებულს.
- ღატაკი საზოგადოება მდიდარს გაჰყვება?! ანტაგონიზმი, რომელიც მათ შორის ბუნებრივად არსებობს, გაქრა?
- არა, მაგრამ საზოგადოებაში მდიდარი კაცი მისაბაძი გახდა. მთავარი კრიტერიუმი ქონების სიდიდეა. ხალხს დაავიწყდა, მაგალითად, საიდან იშოვა ჩხარტიშვილმა დიდი ფული. ქართველი ხალხის სისხლისგან ამოწოვილი ფულით ახლა ეკლესია ააშენა და ეროვნულად მოღვაწე კაცის სახელი მოირგო.
- გინდათ, თქვათ, რომ სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის “ფილოსოფია” თანამედროვე საზოგადოების განწყობილებად ჩამოყალიბდა? საზოგადოებრივი აზროვნების დეფიციტი აქედანაც მოდის?
- გარწმუნებთ, რომ ასეა! 
- და ეს ხდება საქართველოს მიერ სუვერენიტეტის მოპოვებიდან მეოცე წელს?
- დიახ. ღირსების კრიტერიუმები შეგვეცვალა. დააკვირდით საზოგადოებას - რა მოსწონს, ვის უკრავს ტაშს და მიხვდებით, რომ ის იდეალები, რომლებზეც იზრდებოდა ჩემი თაობა, უფროსი თაობა მითუმეტეს, დღეს დასაცინი გახდა, დასაძრახი. სამწუხაროდ, ჩვენ მოწმე ვართ ისეთი მაგალითების, როცა ჩვენი ქვეყნის უბრწყინვალეს პერიოდებზეც კი წარმოდგენა არ აქვთ ახალგაზრდებს. ეს მხოლოდ გაუნათლებლობა კი არ არის, არამედ ღირსების დაკარგვაა. არ აინტერესებთ და - იმიტომ.
ამას, სიტყვის თავისუფლების მომიზეზებით, ხელისუფლებაც უწყობს ხელს. როცა ადამიანს ჩასჩიჩინებენ, რომ ერეკლე მეორე, გიორგი სააკაძე მოღალატეები არიან, თამარ მეფეზე რაები წერეს, ადამიანი საკუთარ ღირსებას კარგავს, ხოლო ადამიანი, რომელსაც ღირსების კრიტერიუმები დაკარგული აქვს, ადვილი სამართავია.
- რაც ჩვენი ხელისუფლების მიზანია.
- უფულო, უპურო, უმუშევარი და უპრინციპო, ღირსებააყრილი გაცილებით იოლი სამართავი ხარ.
ძალიან ცუდი რამე უნდა ვთქვა, რასაც სათავე დაუდო ჩვენმა “გმირმა” ხელისუფლებამ, რომელიც გაღლეტილ მეთერთმეტე არმიას გაექცა საქართველოდან და იქიდან გვმოძღვრავს დღესაც. საქართველოდან გაქცევაზე ვლაპარაკობ, ემიგრანტობაზე. წავიდნენ ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ საშოვარზე და, თუ დაბრუნებაზე ჩამოუგდებ სიტყვას, გიპასუხებენ, მდგომარეობა რომ გამოსწორდება, მაშინ ჩამო­ვალთო. როგორ გამოსწორდება და ვინ გამოგისწორებს, თუ შენ მანდ იქნები, შე კაი დედ-მამის შვილო?!
ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას პარიზში ემიგრანტების პირველი ტალღის წარმომადგენლებსა და მათ მომდევნო პირველ თაობას შემახვედრეს შინაურ წრეში, წვეულებაზე. პირველი, რაზეც გული დამ­წყდა, იყო ის, რომ ქართულად ფაქტობრივად, არც ერთი არ ლაპარაკობდა, რუსულად - შესანიშნავად. მეორე, რაც არ მომეწონა, იყო ის, რომ საუბარში თანდათან შემომაპარეს - ქართველები არ არიან მაინც და მაინც კარგები, რადგან დარჩნენ საქართველოში და კომუნისტურ წყობას შეეგუენო. თქვეს ერთხელ, ორჯერ და მესამედაც რომ გაიმეორეს, ვეღარ მოვითმინე და ჩემი აზრი მოკლედ მოვახსენე: ყველანი რომ გამოქცეულიყვნენ, მაშინ, მითხარით, გეთაყვა, სად იქნებოდა თქვენი სამშობლო?
სადაც იოლია ცხოვრება, იქ თუ გადავსახლდით, საქართველოში კარგი დრო არასოდეს დადგება.
1998 წლიდან უმუშევარი ვარ (თუ არ ჩათვლით პარლამენტის წევრობას). როგორ ფიქრობთ, არ მქონდა შემოთავაზება უცხოეთიდან კარგი თანამდებობის? მქონდა. მაგრამ არ წავედი იმიტომ, რომ არ მაქვს უფლება, სააკაშვილის მონებად დავტოვო ჩემი შვილიშვილები.
- დღევანდელი ცუდი დღე გუშინდელის ერთგვარ ნოსტალგიას რომ ბადებს?
- არ არის ეს ნოსტალგია. საბჭოთა კავშირში დაბრუნება არავის უნდა. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ იმ პერიოდში იყო ბევრი რამ კარგი და ამის უგულებელყოფა უაზრობაა. მაგალი­თად, თუ უკეთესს ვერ შემომთავაზებდი, რატომ დაანგრიე საბჭოური განათლების სისტემა? განსხვავებული იყო, მაგრამ არა ცუდის მიმართულებით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებს რომ ვხვდებოდი, ხშირად მესმოდა მათგან - თქვენ ამდენი საიდან იცითო? გვასწავლეს, ბატონებო! ამ ფონზე ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო, რომ იმავე ამერიკის ან ინგლისის მაღალი რანგის ჩინოვნიკებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, მაგალითად, ლონგფელოსა და რობერტ ბერნსზე. მსოფლიო კლასიკას გვასწავლიდნენ, თანამედროვე ლიტერატურას არ გვაკითხებდნენ ოღონდ სრული მოცულობითა და მრავალფეროვნებით.
- ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა, საკუთარი ვალუტაა, რომელიც, სხვათა შორის, თქვენ დროს იქნა შემოღებული. ლარზე ვლაპარაკობ.

- დავაზუსტებ: ჩემ დროს და ჩემგან განყენებულად კი არა, არამედ ჩემი დიდი ძალისხმევით. ფულადი რეფორმა ქართულმა ეკონომიკურმა გუნდმა ჩაატარა, რასაკვირველია, მაგრამ ქართულმა საზოგადოებრიობამ ხაზგასმით უნდა წარმოაჩინოს, ვინ იყო წამყვანი ამ სფეროში. თორემ რა გამოდის, იცით? ბატონი ნოდარ მალაზონია, მხატვარი, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გამოდიოდა ტელევიზიით, უხსნიდა საზოგადოებრიობას, როგორ შექმნა ლარი და ერთხელაც არ უხსენებია ნოდარ ჯავახიშვილი.... იმედია, სწორად გაიგებთ ჩემს ამ შენიშვნას.
- რა თქმა უნდა. მით უფრო საინტერესო იქნება თქვენი პასუხი ასეთ შეკითხვაზე: ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურება სახელმწიფოს სუვერენიტეტის დევალვაციას ხომ არ ნიშნავს?
- ეს ნიშნავს, თუ რატომ ვერ შევქმენით სახელმწიფო. ან საზოგადოებრიობამ უნდა დაიწყოს სახელმწიფოებრივი აზროვნება და, შესაბამისად, მოთხოვნილება გაჩნდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების მოსვლისა ხელისუფლებაში, ან ვიღაცამ უნდა აგვიშენოს ეს სახელმწიფო.
ვიღაცა ჩვენთვის არ ააშენებს. სააკაშვილი არ აშენებს, მაგრამ, რომც ააშენოს, ის ქართული სახელმწიფო არ იქნება.
- ლარის მსყიდველობითი შესაძლებლობის დაქვეითება დოლარის დამკვიდრებას ხომ არ ნიშნავს საქართველოში?
- თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ნიშნავს. შარშან გერმანელი ექსპერტები ჰყავდათ ჩამოყვანილი და ქართველ სპეციალისტებთან ერთად განიხილებოდა საქართველოს მულტივალუტურ ქვეყნად გადაქცევის საკითხი, სადაც იბრუნებდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ვალუტა, უფრო მეტიც, კომერციულ ბანკებსაც ექნებოდათ თავიანთი ფულის გამოშვების შესაძლებლობა. ლარი თუ სტაბილური იქნებოდა, გადარჩებოდა იმ უბედურებას, რაც მას არაერთხელ დამართა ამ ხელისუფლებამ და წინა ხელისუფლებამაც, არავის მოუნდებოდა დოლარი. მაგრამ წელიწადში ორჯერ “შავ პარასკევს” რომ მოგიწყობს შენი ხელისუფლება, ეს ქმნის მუდმივ ინფლაციურ მოლოდინს. 
ესე იგი, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა, მისი არასწორი მართვა, თუ იმაზე შევთანხმდებით, რომ ეროვნული ვალუტა სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენიტეტის დევალვაციასაც ნიშნავს.
- შეძლებს ეს ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას?
- თუ მოუნდება, შეძლებს. მაგრამ მინდა საქართველოს საზოგადოებრიობას ვუთხრა, რომ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას არასოდეს ეს არ მოუნდება. მათი იდეაა, საქართველო გარდაქმნან მსოფლიოს საფინანსო ცენტრად. ჩვენი ქვეყანა საქართველო აღარ იქნება: დასვენება-გართობის ადგილი, დიდი ბანკები, მაგრამ არა ქართული სახელმწიფო. ამიტომ გვტენიან სინგაპურიზაციას. არაერთხელ მითქვამს, რომ სინგაპურში მალაიელები მხოლოდ 13,4 პროცენტია. ისიც არავინ იცის, ადგილობრივები არიან თუ არა. აბორიგენი შეიძლება ერთი კაციც არ იყოს. 77 პროცენტი ჩინელია.
აი, ეს უნდათ საქართველოშიც. აქეთკენ მიყავთ!
მეტ-ნაკლებად ღირსეული ხალხი გაიქცევა ქვეყნიდან, ყველაზე ღირსეულნი დაიხოცებიან...
- და “ბედაურნი დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ სანავარდო”?
- ეგრე გამოვა!

 

ესაუბრა
არმაზ სანებლიძე

www.geworld.net