საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით წერილები გაუგზავნა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი წერილებში აღნიშნავს, რომ მედიკამენტების აკრძალვასა და მოხმარებიდან ამოღებას თან ერთვის ის ფაქტი, რომ ჩაკეტილია ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტი, რაც პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია. აღნიშნული ვითარების გამო, რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და განსაკუთრებით კი პენსიონერები, ის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივად მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებენ.
„პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვითა და მედიკამენტების მოხმარების აკრძალვით იზღუდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც ჯანმრთელობის უფლებას, სიცოცხლის უფლებასა და გადაადგილების თავისუფლება ეხება“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა კომისრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ყურადღების გამახვილებისა და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, გადასასვლელი პუნქტის გახსნისთვის რეაგირებისაკენ მოუწოდა.