პოლიტიკა
ჰუმანიტარული კრიზისი თბილისელი პოლიტიკოსების თავებშია საძებნი და არა მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე - დიმიტრი მედოევი

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული კრიზისი ქართველი პოლიტიკოსების თავში უნდა ეძებონ და არა „მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე“.

მედოევი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვას გამოეხმაურა და მას საერთაშორისო ინსტანციებისადმი „საკუთარი ქვეყნის პრობლემებით“ მიმართვა ურჩია.

უმჯობესია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციონ საქართველოში მოშიმშილე ბავშვებს, რომელთა რაოდენობა ზღვარს სცდება“, – აღნიშნა ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება ოკუპირებული რეგიონის აფთიაქებიდან ქართულწარწერიანი მედიკამენტების ამოღების საკითხს, მედოევი ამას ნონსენსს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს მედიკამენტები საქართველოში წარმოებული არ არის და მათი წარმომავლობა უცნობია, ამიტომ მათი გაყიდვა ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაუშვებელია.