აქტუალური
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური დაინიშნა

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა, - ამის შესახებ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას შინაგან საქმეთა მინისტრი შეითავსებს.

მოგეხსენებათ უსაფრთხოების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, განსაკუთრებით დღეს, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. წარმოგიდგენთ უსაფრთხოების საბჭოს ახალ მდივანს, ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ბატონ ვახტანგს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა - შეთავსებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქცია ისევე, როგორც ძალისხმევაც იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად 2015 წლის 26 იანვარს, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. 2019 წლის 8 სექტემბერს ის ამ თანამდებობაზე მეორედ დაინიშნა.