აქტუალური
ვლადიმერ პუტინმა ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება ძალაში პუტინის ხელმოწერისთანავე შევიდა.

სურკოვის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა მასთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ის უკრაინასთან დაკავშირებით კურსის ცვლილებით უკმაყოფილო იყო.

სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-სთან, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალთან თანამშრომლობის მიმართულების კურატორად 2013 წელს დაინიშნა. მასვე ეხებოდა რუსეთის ურთიერთობის საკითხები დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებთან. მანამდე, 2011-2013 წლებში ის ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა.

უკრაინა სურკოვს აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტების უშუალო ხელმძღვანელობაში ადანაშაულებდა. 2015 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებისთვის სამოქმედო ინსტრუქციას წარმოადგენდა. კერძოდ, სურკოვმა სეპარატისტებს მიუთითა, რომ უარი ეთქვათ რეგიონში გაერო-ს სამშვიდობო ძალების განლაგებაზე. ამავე წელს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სურკოვი ევრომაიდანზე სნაიპერების ხელმძღვანელობაში დადანაშაულა.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ სურკოვი აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. მას გაყინული აქვს ანგარიშები და აკრძალული აქვს ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში ჩასვლა.