უცხოეთი
ბაშარ ალ-ასადი - ომი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ეს სრული გამარჯვების პრელუდიაა

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის თქმით, სამთავრობო ძალები გააგრძელებენ შეტევებს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, რომ კონტროლი დაამყარონ აჯანყებულების ბოლო გამაგრების ადგილებზე. მისი თქმით, ომი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა „სრული გამარჯვება“ უკვე ახლოსაა.

„გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდა, არც იმას, რომ გარკვეული სქემები შესრულდა, არც ტერორიზმის დამარცხებას და არც მტრების განადგურებას ნიშნავს, მაგრამ ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ მათ ცხვირით ტალახი ვაწმენდინეთ, რაც სრული გამარჯვების პრელუდიაა და იმას ნიშნავს, რომ ისინი ადრე თუ გვიან დამარცხდებიან“, - განაცხადა ასადმა.

ასადი ოფიციალური ანკარის პოზიციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად „ჩრდილოეთიდან მომავალი განცხადებებისა“, ბრძოლები გაგრძელდება, რომ ალეპოს და იდლიბის მიმდებარე ტერიტორიები გათავისუფლდეს.

შეგახსენებთ, სირიასა და თურქეთს შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ასადის ჯარებმა რუსეთის სამხედრო დახმარებით ანკარის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური ძალები ბოლო გამაგრების ადგილებზე ინტენსიური თავდასხმები განახორციელეს. შეტაკებების შედეგად, ანკარას ცნობით, ათობით თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. თურქმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მოუწოდეს რუსეთს შეესრულებინა ვალდებულებები და შეეკავებინა „თავის მოკავშირე ასადის რეჟიმი“, რასაც მოსკოვის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია.

გაეროს ინფორმაციით, დეკემბრიდან მოყოლებული, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სოფლები და ქალაქები 900 000-მა ადამიანმა დატოვა. მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

interpressnews.ge