მოსკოვმა ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნების ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო. ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდება.
ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „პირდაპირ საუბარში“ მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება რუსული მხრიდან ცალმხრივად იქნა მიღებული გასულ კვირას მისი და რამდენიმე თანამოაზრის მოსკოვში ვიზიტის დროს.კუკავას განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა და ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრები გაიმართა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რუსული მხრიდან საქართველოსკენ გადმოდგმული პირველი კომპრომისული ნაბიჯია, რის მოთხოვნაც მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე თავად კუკავამ დააყენა.
უკვე შეიქმნა სპეციალური ორმხრივი კომისია, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების განსახორციელებლად საკითხის ორგანიზაციულ მხარეზე იმუშავებს. ამ კომისიაში შედის თავად კუკავა და ქართული მხარის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი, რომელთა ვინაობა კუკავას არ დაუსახელებია.