საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ზვავსაშიშროების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
„ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", – ნათქვამია განცხადებაში.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღეისათვის საქართველოს და სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა. „ყაზბეგი–ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.