სამართალი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია - ქეთევან ციხელაშვილი

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციის გამოვლინებაა ის, რომ ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აფთიაქებიდან ქართული წარწერის მქონე მედიკამენტების ამოღება ხდება.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ცხინვალის რეგიონში მწვავედ დგას ჰუმანიტარული კრიზისი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საჭიროება ძალიან მაღალია, რომ შედიოდეს მედიკამენტები და პროდუქტები, თუმცა რეპრესიული ზომები ტარდება, რაც მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომ ყველაფრის ფასად მოხდეს კავშირების და კონტაქტების გაწყვეტა დანარჩენ საქართველოსთან.

საუბედუროდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს ახალი არაა, მაგრამ საუბედუროდ ახალი გამოვლინებები აქვს , რომლესაც ასობით და ათასობით ადამიანებზე აქვს გავლენა. ის, რომ ქართული წარწერებით მედიკამენტებს ამოღება დაიწყეს რამდენიმე დღის წინ და დღესაც გრძელდება, პირდაპირაა მიმართული ადამინების წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველები არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება. ეს წამლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. ამ პრინციპით იქ მცხოვრები ადამინების სასიცოცხლო ინტერესების და საჭიროებების უგულებელყოფა და მათი გაწირვა ხდება“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

მინისტრი ახალგორის მიმართულებით გადაადგილების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ თემებზე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან უკვე განიხილა ცხინვალის რეგიონში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული პირობები.

აუცილებლად უნდა იქნას უზრუნველყოფილი გადაადგილების შესაძლებლობა ახალგორის და ასევე სხვა მიმართულებით. მოვუწოდებ ყველას, ვისაც დღეს ხელეწიფება ფაქტობრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს მიმოსვლა , მიეცეთ ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა და შეწყდეს ყველა ის რეპრესიული ზომა, რომელიც ასეთ სახეს იღებს, რომ სააფთიაქო ქსელებიდან იღებენ მედიკამენტებს ქართული წარწერებით, რომლებიც იქ ისედაც ძალიან რთული გზის გავლით ხვდება. აქ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი“,-აცხადებს ციხელაშვილი.

რაც შეეხება მასწავლებლებს, როგორც მინისტრი აცხადებს, ესეც დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოვლინებაა და არაა ახალი. ახალგორსა და გალის რაიონში არაერთხელ მომხდარა ეთნიკური ნიშნით მასწავლებლების გათავისუფლება. ამასთან, მისივე თქმით, სინქრონიზებული პოლიტიკაა ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა.