პოლიტიკა
ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

"ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

თავის მხრივ, ელენე ხოშტარიამ თალაკვაძის გამოსვლა "ცეკას მოხსენებას" შეადარა და აღნიშნა, რომ "ჩვენი ქვეყანა არასდროს იქნება საბჭოთა კავშირი".

"ჩვენ ქვეყანაში არ იქნება ცეკას მოხსენებები. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალაუფლება, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას ვეგუებით.მუდმივად ექნებათ ეს დისკომფორტი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რითაც მათ მიერ გამართული პერფორმანსის მიზეზი ახსნა.

საბოლოოდ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სასესიო დარბაზი მანდატურების დახმარებით დატოვეს.