უცხოეთი
ჰააგის სააპელაციო სასამართლომ „იუკოსის“ აქციონერების სასარგებლოდ რუსეთს 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ჰააგის სააპელაციო სასამართლომ კომპანია „იუკოსის“ აქციონერების სასარგებლოდ რუსეთს 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. ამგვარად, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება და აღადგინა 2014 წლის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვა 2014 წლიდან გრძელდება. 2014 წლის ივლისში ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ „იუკოსის“ სამი ყოფილი აქციონერის სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2016 წლის აპრილში ჰააგის საოლქო სასამართლომ 2014 წლის დადგენილება გააუქმა და განაცხადა, რომ ეს საქმე ჰააგის არბიტრაჟის კომპეტენციაში არ შედის.

საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის დადგენილებით, 2003 წელს რუსეთის ხელისუფლებამ დიდი გადასახადების დაწესებით კომპანია „იუკოსზე“ კონტროლი მოიპოვა. კომპანიის ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი კი დააპატიმრეს. ხოდორკოვსკიმ ათი წელი გაატარა ციხეში. ის ვლადიმერ პუტინმა 2013 წელს შეიწყალა, რის შემდეგაც ხოდორკოვსკიმ რუსეთი დატოვა და ამჟამად ევროპაში ცხოვრობს.

რუსეთს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. რუსეთის იუსტიციის სამინისტროში უკვე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სასამართლომ უგულებელყო ფაქტი, რომ „იუკოსის“ ყოფილი აქციონერები არ არიან კეთილსინდისიერი ინვესტორები.

სასამართლომ რუსეთს 50 მილიარდი დოლარის გადახდა „იუკოსის“ სამი ძირითადი აქციონერი კომპანიის სასარგებლოდ დააკისრა. ეს კომპანიებია „ვეტერან პეტროლეუმი“, „იუკოს უნივერსალი“ და „ჰალი ენტერპრაიზი“. ამასთან, რუსეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიციას, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაადგინა, რომ კომპანია „იუკოსის“ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა არ განხორციელებულა.

1tv.ge