პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ მისი ყოფილი თანაგუნდელების სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ ახალი პარტიის ბალანსზე არსებული ქონება ძველ პარტიას – მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ – მიაკუთვნა.
„ზურაბ ნოღაიდელს ჩამოერთმევა 23 ათას ლარამდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, ინვენტარი, ატრიბუტიკა და ბეჭედი. თუ მოპასუხე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას 10 დღის ვადაში არ გაასაჩივრებს, ქონების ამოღებას სააღსრულებო ბიურო უზრუნველყოფს“, – განაცხადა მოძრაობის – „სამართლიანი საქართველოსთვის“– თავმჯდომარე სერგო ჯავახაძემ.ექს-პრემიერის ყოფილმა თანაპარტიელებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორი სამოქალაქო სარჩელით მიმართეს. ერთი მოძრაობის ქონების ამოღებას ეხება, ხოლო მეორე – სახელფასო დავალიანების გადახდას. ნოღაიდელს 325 ათასი ლარის ოდენობის სახელფასო დავალიანებას ედავებიან. აღნიშნული სარჩელი წარმოებაში ჯერ მიღებული არ არის.
ზურაბ ნოღაიდელს პარტიის თავმჯდომარის პოსტი თანაპარტიელების ნაწილის მოთხოვნით, მიმდინარე წლის 11 იანვარს დაატოვებინეს, რის შემდეგაც ნოღაიდელმა ახალი პარტია „სამართლიანი საქართველო“ დააფუძნა.