პოლიტიკა
ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობაც შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებას - ანდრეი რუდენკო

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს ყველა მონაწილე სახელმწიფომ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება, ვიმედოვნებთ, ასე მოიქცევა საქართველოც, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსეთს ქართული ოპოზიციის მოწოდებებზე, რომ არ დაუშვან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ გვაწუხებდეს მსგავსი პროვოკაციული გამონათქვამები, მაგრამ ჩვენ მეტწილად ორიენტირებული ვართ თბილისის ოფიციალურ პოზიციაზე. გამოვდივართ იქიდან, რომ ევროპის საბჭოს ყველა მონაწილე სახელმწიფომ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება. ვიმედოვნებთ, რომ ასე მოიქცევა საქართველოს მთავრობაც.

რაც შეეხება ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტის სხდომაში რუსეთის მონაწილეობის დონეს, ამ მიმართულებით რუსეთში გადაწყვეტილებას ყველა თანმდევი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღებთ, – განაცხადა რუდენკომ.