აქტუალური
გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარია კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მიუნხენი უსაფრთხოების 56-ე, ყოველწლიურ კონფერენციას 14-დან 16 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. მიუნხენში 500-ზე მეტ მაღალი დონის საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებ პირს ელოდებიან.

პოლიტიკური, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არსებულ კრიზისებსა და მომავალ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელებენ.

განხილვების ერთ-ერთი თემა იქნება, თუ რა არის დასავლეთის ცნება, რას ნიშნავს დასავლეთის პასუხისმგებლობა.

მიუნხენის 2020 წლის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეები ეცდებიან, პასუხი და გამოსავალი იპოვონ მსოფლიო დღის წესრიგში არსებულ ფუნდამენტურ საკითხებზე, მათ შორის ევროპული პროექტების განხორციელება, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა, კლიმატური ცვლილებები, საერთაშორისო ვაჭრობა და ტექნოლოგიური პროგრესი საერთაშორისო უსაფრთხოებასთან მიმართებით.

ბავარიის დედაქალაქში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და კონფერენციაზე პირველად, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ელოდებიან. ღონისძიებას გახსნის გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. აზიის როლის ზრდა იქნება დისკუსიების ერთ-ერთი თემა და სამდღიან მსჯელობებში მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთის, ჩინეთისა და იაპონიის დელეგაციები.

კორონავირუსის აფეთქებასა და ჯანდაცვის კუთხით ამ ახალ გამოწვევაზე დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტი, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან ხელმძღვანელებთან ერთად.

ბავარიაში ელოდებიან 35 სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის არიან ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ლიუეტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ასევე ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, სამდღიან განხილვებს დაესწრება 100-მდე საგარეო თუ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. მათ შორის იქნებიან ამერიკის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჰეიკო მაასი, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მუჰამედ ჯავად ზარიფი.