პოლიტიკა
გიგი უგულავას განაჩენის დადგომის მომენტიდან, ყოველგვარი მოლაპარაკება წყდება - დავით ბაქრაძე

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ხელისუფლებამ ქვეყანაში მოსპო შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების სივრცე. ამიტომ, ოპოზიციას შეუძლია მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ დღეიდან, გიგი უგულავას განაჩენის დადგომის მომენტიდან, წყდება ყოველგვარი მოლაპარაკება, ის დასრულებულია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

მისი თქმით, ოპოზიციას კომპრომისული ვარიანტი და შეთავაზებები ჰქონდა.

ვფიქრობდით შეთანხმებაზეც - ეს ყველაფერი დასრულებულია. გიგი უგულავას განაჩენი სინამდვილეში არის „ქართული ოცნების“ განაჩენი, რომელიც მას ძალიან მძიმე ფასად დაუჯდება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. მოლაპარაკებები დასრულებულია, ჩვენ ხვალ გვექნება შეხვედრა ამავე ოფისში, სადაც უკვე ვიმსჯელებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რას გავაკეთებთ და რა ნაბიჯებით გამოვალთ უახლოეს მომავალში. ეს იქნება არაძალადობრივი ბრძოლა და თქვენც ხედავთ, რომ გიგი არაძალადობრივად, მშვიდობიანად, ღირსეულად მიდის ციხეში“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი განმარტებით, ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიოდ ჩანდა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ საქმეზე, ნებისმიერი ფასით, ნებისმიერი საბაბით დაეკავებინათ გიგი უგულავა.

თუმცა, რა საბაბითაც დღეს მოხდა უგულავას დაკავება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დაწესდა კიდევ ერთი სამარცხვინო პრეცედენტი იმის, რომ ამ ქვეყანაში არანაირი ინსტიტუტი არ არსებობს. არ არსებობს სასამართლო, სამართალი. დღეს გიგი უგულავას მიუსაჯა პროკურორმა, უწიგნურმა და უდიპლომო შალვა თადუმაძემ, რომელმაც როგორც პროკურორმა საჩივარი გაგზავნა უზენაესში და როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დახვდა საკუთარ გაგზავნილ საჩივარს. უზენაეს სასამართლოს იმის ვაჟკაცობაც არ ეყო, ბოლო და გამამართლებელი სიტყვის უფლება მაინც მიეცა, ისე მიუსაჯეს ადამიანს სასჯელი. დღეს გიგი უგულავას მიუსაჯეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც იმის პროფესიული სინდისიც არ ეყოთ, რომ ადავოკატისთვის მაინც მიეცათ მისვლის საშუალება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დღეს ის ზღვარი გადალახა, რომლის უკანაც პროცესები ვეღარ შემობრუნდება. აქედან გამომდინარე, ბაქრაძის განმარტებით, ოპოზიციის გადაწყვეტილებით „წყდება ყოველგვარი მოლაპარაკება“.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.