საზოგადოება
ნონა თოლორაია: „ზუგდიდში საჯარო რეესტრს საოლქო პროკურატურა განაგებს“

nona_toloraiaროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოდან გვატყობინებს, საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა თოლორაია ხელისუფლებას ზუგდიდის რაიონის სოფლების – ანაკლიის, განმუხურის, ერგეტის – მოსახლეობის პირადი საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებს. „ხელისუფლების ძალმომრეობას სამეგრელოში საზღვარი არ აქვს, მაგრამ კოლხეთის მოსახლეობა არ შეეგუება აბუჩად აგდებას, ხელისუფლების ყველა ქმედება იქნება მხილებული. ანაკლიის, განმუხურის, ერგეტის მოსახლეობის 90%-ს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წაართვეს მათ საკუთრებაში არსებული მიწები, რომლებიც გატარებულია საჯარო რეესტრში. მოსახლეობა ითხოვს წართმეული ქონების დაბრუნებას ან ფულად კომპენსაციას. საჯარო რეესტრში გატარებული ქონება არის ხელშეუხებელი. საჯარო რეესტრი ზუგდიდში არის უუფლებო, უუნარო მდგომარეობაში; არ აქვთ უფლება, გასცენ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის ამონაწერი. თანამშრომლები მხრებს იჩეჩენ, რადგან ზუგდიდში საჯარო რეესტრს საოლქო პროკურატურა განაგებს“, – აღნიშნა ბრიფინგზე ნონა თოლორაიამ.

თოლორაიას განმარტებით, საზოგადოება პასუხს ელოდება ხელისუფლებისგან. დაზარალებულ მოსახლეობას აქვს საპროტესტო განცდა. „არავინ არის შენების წინააღმდეგი, მაგრამ არა წართმევისა და წაგლეჯის ხარჯზე. ჩვენ გვაქვს სათანადო დოკუმენტები, რომელთაც გავაცნობთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. მიუხედავად მოსახლეობის დაშინებისა, უკანდახევასა და დათმობას არ ვაპირებთ. ამიტომაც ვმართავთ გამაფრთხილებელ ბრიფინგს“, – დასძინა ნონა თოლორაიამ.