საზოგადოება
ოჯახების შეფასებისას სოცაგენტები სამხრე კამერებით აღიჭურვებიან

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ოჯახების შეფასების მეტი გამჭვირვალობისათვის სოციალური აგენტები უახლოეს პერიოდში სამხრე კამერებითა და ციფრული მოწყობილობებით აღიჭურვებიან, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების არსებული პროცედურა განმარტა. მისი თქმით, ხელახალი გადამოწმების დროს ოჯახის შესწავლას საშუალოდ 20 დღე დასჭირდება, შესწავლიდან ერთ თვეში კი სპეციალური მეთოდოლოგიით დადგენილი ახალი სარეიტინგო ქულა შევა ძალაში. ახალი ქულის მინიჭების შემდეგ დახმარება საშუალოდ 20 დღეში განახლდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ახალი ქულის მინიჭებამდე, საარსებო შემწეობის დარიცხვა უწყვეტად მოხდება.

ჩვენი მთავარი მიზანია, ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ და მივაღწიოთ დახმარების განაწილების მაქსიმალურად სამართლიან და მიზნობრივ პრინციპს. ოჯახების შეფასების პროცესის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები აღიჭურვებიან სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურად ასახული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.