პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 5-10 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეკრებაში, National Prayer Breakfast-ში მიიღებს მონაწილეობას. არჩილ თალაკვაძე ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

შეხვედრები ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწე ფილიპ რიკერთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბიერმანთან, ორგანიზაცია Trammo Inc-ის აღმასრულებელ დირექტორ ედუარდ ვეინერთან და ექსპერტებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს შეხვდება, ეწვევა ვაშინგტონის ქართული მემკვიდრეობის აკადემიას.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.