პოლიტიკა
რუსეთს მოუწოდებენ, „Nabucco“-ს მშენებლობა არ დაბლოკოს

Guenther_h_oettingerენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა გიუნტერ ეტინგერმა რუსეთს მოუწოდა, გაზსადენ „Nabucco“-ს მშენებლობა არ დაბლოკოს, – იუწყება სააგენტო AFP.

ეტინგერის თქმით, მოსკოვს უფლება არ აქვს, გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობაზე უარის მიღების მიზნით ცენტრალური აზიის ქვეყნებზე ზეწოლა განახორციელოს. ევროკომისარმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი რუსული პროექტი „სამხრეთის ნაკადის“ რეალიზაციას დაბრკოლებას არ შეუქმნის. მან ისიც აღნიშნა, რომ „Nabucco“ „სამხრეთის ნაკადის“ კონკურენტი არ არის.

„მივესალმები რუსეთს როგორც პარტნიორს, რომელიც ბუნებრივ აირს გვაწვდის, თუმცა მესამე ქვეყნებიდან გაზის მოწოდებისთვის უფრო მიმზიდველად მოკლე მარშრუტი მეჩვენება და არა შემოვლითი გზები რუსეთის გავლით“, – განაცხადა ეტინგერმა.

ევროკომისრის განცხადებას რუსეთის ვიცე-პრემიერ იგორ სეჩინის განცხადება მოჰყვა, რომ „Nabucco“ უპერსპექტივოა. „თურქმენეთისა და მსოფლიო ექსპერტების შეფასება, ასევე, გაზის ბაზარზე ამჟამად არსებული ვითარება უფლებას მაძლევს, სარკაზმის გარეშე ვთქვა, რომ „Nabucco“-ს პერსპექტივა არ აქვს“, – აღნიშნა სეჩინმა.

„Nabucco“-ს გაზსადენი კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოპოვებული გაზის საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით შენდება. პროექტის ღირებულება 7,9 მილიარდ ევროს შეადგენს. წინასწარი ინფორმაციით, გაზსადენის წლიური გატარების მოცულობა 31 მილიარდი კუბური მეტრით არის განსაზღვრული.